Thumbnail

გორის დილას მსგავსად, ევროტურნირზე თბილისის საბურთალოსაც წარუმატებელი სტარტი აქვს: ლაშა ნოზაძის გუნდი კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ტირანას პარტიზანის გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

შეხვედრა თბილისელთა უპირატესობით დაიწყო. საბურთალოს ფეხბურთელებს პირველ ტაიმში საგოლე მომენტები ჰქონდათ. სტუმრები, ძირითადად საკუთარ ნახევარზე იყვნენ გამაგრებულები და კონტრშეტევების შანსებს ეძებდნენ. საქართველოს თასის გამარჯვებულთა რიგებში გოლების გატანა გიორგი გულიაშვილს, გიორგი გოჩოლეიშვილსა და ირაკლი სიხარულიძეს შეეძლოთ, მაგრამ ბოლო მომენტში ალბანელთა მცველები კარგად თამაშობდნენ. პარტიზანის კი გატანა 37-ე წუთზე შეეძლო - სკუკას თავური დარტყმის შემდეგ ბურთი მეგრელიშვილის კარს მცირე მანძილით ასცდა და 0:0 პირველ ტაიმში.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე განათება გამოირთო - კიდევ ერთხელ, უკვე მეორედ ახლო წარსულში. პრობლემის გამოსწორებას გარკვეული დრო დასჭირდა და მეორე ნახევარი 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

მეორე ტაიმი მატჩის საწყისი წუთების მსგავსად მიმდინარეობდა, თუმცა 47-ე წუთზე საბურთალოს ფეხბურთელებს ალბანელების კონტრშეტევა გამოეპარათ და ტედი ცარამ ანგარიში გახსნა. თბილისურ გუნდს გათანაბრება 1 წუთში შეეძლო - ქარდავას დარტყმა მეკარემ ცუდად მოიგერია, დამატებაზე კი ვერცერთმა საბურთალოელმა ვერ ითამაშა. მალე სიხარულიძემ ააცილა, მიოჩი დარტყმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია, კუთხურს კი ნონიკაშვილის სახიფათო, თუმცა არაზუსტი დარტყმა მოჰყვა. 

79-ე წუთზე, ჯინჯოლავას ჩაწოდების შემდეგ გულიაშვილმა კარში ზუსტად დარტყმა ვერ მოახერხა, 1 წუთში კი რაპაის რთული გასროლა მეგრელიშვილმა აიღო. 81-ე წუთზე ძალიან სახიფათო შეტევას პარტიზანის საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, თუმცა ტაბატაძის დარტყმა გულიაშვილს მოხვდა და ალბანელები გადარჩნენ. 

85-ე წუთზე კი უკვე საბურთალო გადარჩა - შეცვლაზე შესულმა ცვეტანოსკიმ ხელსაყრელი სიტუაციიდან ძალიან არაზუსტად დაარტყა. 90-ე წუთზე გოშთელიანმა და გულიაშვილმა ხელი ერთმანეთს შეუშალეს და კარში ზუსტად დარტყმა არ მოხერხდა. დამატებით წუთებზე კი ბიტრის ავტოგოლამდე სანტიმეტრები დააკლდა. საბურთალო ბოლო წამამდე ეცადა გატანას, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა.

საპასუხო მატჩი ტირანაში 14 ივლისს გაიმართება. წყვილში გამარჯვებული რუმინულ FCSB სტიაუას შეხვდება.

საბურთალო 0:1 პარტიზანი 

გოლი: 0:1 ცარა (47)

საბურთალო (3-4-3): მეგრელიშვილი - ჩადუნელი, კაკუბავა, ჯღერენაია (55. ნონიკაშვილი) - გოჩოლეიშვილი, მილოჩი, ქარდავა (66. გოშთელიანი), ტაბატაძე - გულიაშვილი, სიხარულიძე, ნონიკაშვილი (66. ჯინჯოლავა) . 

პარტიზანი (4-3-3): ტეჯა - ჰადროი, ბიტი (66. ნდრეცა), ბელიცა, ათანასკოსკი - მურატაი (84. ტელუში), მატონდო, რაპაი - ჰოტი, სკუკა (74. ცვეტანოსკი), ცარა. 

კომენტარები

ბოლო ამბები