Thumbnail
  • სტივენ ბერგვაინის ტრანსფერი აიაქსს 31.25 მილიონი ევრო დაუჯდა
  • ნიდერლანდელი ბოლოს ტოტენჰემის შემადგენლობაში თამაშობდა

ოფიციალურად: სტივენ ბერგვაინი კარიერას ლონდონის ტოტენჰემიდან ამსტერდამის აიაქსში გააგრძელებს. ამის შესახებ ნიდერლანდურმა კლუბმა სოციალური ქსელის საშუალებით გამოაცხადა. ნიდერლანდელი ახალ კლუბში 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

24 წლის გარემარბმა ამსტერდამულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ აიაქსში იგი 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება. ნიდერლანდურ კლუბს ბერგვაინის ტრანსფერი 31.25 მილიონი ევრო დაუჯდა. თავიდან შემტევის შეძენა აიაქსს უფრო ნაკლებ ფასად სურდა, თუმცა ტოტენჰემი უფრო მეტს ითხოვდა.

ბერგვაინი აიაქსის შემადგენლობაში 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს

"აიაქსზე გაკეთებული მისი არჩევანი მის ამბიციურობაზე მიუთითებს. ის არის მოთამაშე, რომელსაც მრავალი კარგი თვისება აქვს. მას გამორჩეული სისწრაფე და გოლის ალღო აქვს. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ მისი დამატება შევძელით. ბერგვაინი ჩვენს გუნდს გააძლიერებს", - განაცხადა ამსტერდამული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ალფრედ სხრიოდერმა.

სტივენ ბერგვაინი აიაქსის ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობდა, თუმცა პროფესიონალურ ფეხბურთში დებიუტი პსვ-ის რიგებში ჰქონდა, ხოლო 2020 წელს კარიერა ლონდონის ტოტენჰემში გააგრძელა.

კომენტარები

ბოლო ამბები