Thumbnail

'ყველა გვეუბნება, რომ უნდა მოვიგოთ' - შარიქაძემ იტალიასთან მატჩამდე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს კვირას მორიგი მატჩი ელის მეტოქესთან, რომელთან გამარჯვებასაც ბორჯღალოსნების ქომაგი განსაკუთრებულად ელის, თუმცა, ჯერჯერობით, სტატისტიკა საჩვენო ნამდვილად არაა: 4-დან 4 მარცხი.

იტალიასთან შეხვედრამდე, ბორჯღალოსნების მწვრთნელმა და კაპიტანმა პრესკონფერენცია გამართეს. ლევან მაისაშვილმა და მერაბ შარიქაძემ მედიის კითხვებს უპასუხეს.

ლევან მაისაშვილი: ჩვენგან ყველა ძალისმიერ თამაშს ელის. გამართლდება, თუ არა ამას კვირას ვნახავთ. ვეცდებით თამაში ვმართოთ, ვნახეთ, რომ პირველივე წუთებზე საკმაოდ მარტივი და დამუშავებული ლელოები გავიტანეთ. არგენტინასთან ცოტა მოვეშვით, ენერგია არასწორად დავხარჯეთ და პასუხიც მივიღეთ. მთელი აქცენტი თამაში მართვაზე გავაკეთეთ და იმ პატარა დეტალებზე, რაც დიდ როლს თამაშობს შეხვედრაში.

იტალიასთან მოგება იქნება პრეცენდენტი, რომ დავამარცხეთ ტიერ ერთის ქვეყანა. ეს იქნება პირველი ნაბიჯი იმ კიბისკენ, რასაც 6 ერი ჰქვია. არ მაქვს ილუზია, რომ ხვალინდელი თამაში 6 ერში მონაწილეობის ამბავს გადაწყვეტს. ეს მატჩი არის ჩვენი განაცხადი, რომ შეგვიძლია უკეთესი რაგბის თამაში და მეტი საშუალება უნდა გვქონდეს, რომ პირველი დონის ქვეყნებთან ვითამაშოთ. 

მერაბ შარიქაძე: ვიტყოდი, რომ მაქსიმუმი გავაკეთეთ, რაც ამ კვირაში შეიძლებოდა. ფანტასიკურად მოვემზადეთ, კარგ ფორმაშიც ვართ. იმათი თამაშიც შევისწავლეთ და ჩვენს შეცდომებზეც ვიმუშავეთ. იმედია, რომ ხვალ ამ ყველაფრის კულმინაცია იქნება. საუკეთესო სტადიონია და საფარია, სავსე არენის წინაშე მაგარ თამაშს ველით.

მარტივი არ არის ამ თამაშისთვის მზადება, ყველა, ვინც გვხვდება, გვეუბნება, რომ იტალიას უნდა მოვუგოთ და მათი სურვილი ავასრულოთ. წნეხი არის, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობაა, როცა მთელი ქვეყანას სურვილი უნდა აუსრულო. იმედი მაქვს, რომ ამ წნეხთან გამკლავებას შევძლებთ და ეს ყველაფერი ხელს არ შეგვიშლის.

შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს მატჩი ბათუმი არენაზეა დაგეგმილი და 20:00 საათზე დაიწყება. საქართველომ ზაფხულის სერიის პირველი მატჩი არგენტინა XV-თან დათმო.

კომენტარები

ბოლო ამბები