Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების კაპიტანს ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ოქროს მედლის შანსი აქვს
  • კვარცხლბეკზე ასასვლელად ბექა ღვინიაშვილი და გელა ზაალიშვილიც იბრძოლებენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე გრანდ სლემის ფინალში გავიდა.

ლიპარტელიანმა შეჯიბრი სერბი ბოიან დოსენთან მოგებით გახსნა, რასაც გერმანელ კარლ-რიხარდ ფრეისთანა და ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარინისთან გამარჯვებები მიაყოლა. ნახევარფინალში ვარლამმა დანიელ მატიას მადსენს აჯობა და გადამწყვეტ შეხვედრაში იაპონელ კენტარო იიდას შეხვდება.

სწორედ ამ უკანასკნელთან დამარცხდა მეოოთხედფინალში ონისე სანებლიძე, რომელმაც საწყის რაუნდებში პოლონელი ოლეკსი ლისენკო და ჩილელი ტომას ბრისენო დაჯაბნა, რეპეშაჟში გადასვლის შემდეგ კი, უნგრელ ჩომბორ ვეგთან წააგო.

ბექა ღვინიაშვილი

90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ბექა ღვინიაშვილი, რომელმაც გზიდან სერბი მიჰაილო ჩირიჩი, ტაჯიკი ჯახონგირ მაჯიდოვი და ამერიკელი ჯონ ხაიმე ჩამოიცილა, ნახევარფინალში კი დრამატული ორთაბრძოლა გოლდენ სქორში წააგო იაპონელ სანშირო მურაოსთან. რეპეშაჟში ბექას მეტოქე უნგრელი გერგელი ნეპრელი იქნება. ამავე წონაში ნიკა ხარაზიშვილი დომინიკელ რობერტ ფლორენტინოს უბრძოლველად გასცდა, მერვედფინალში კი ტაჯიკ კომროშოხ უსტოპირიონს ვერ გაუმკლავდა.

მძიმე წონაში გელა ზაალიშვილმა გერმანელი ერიკ აბრამოვი და ფინელი მარტი პუუმალაინენს კი აჯობა, თუმცა, ნახევარფინალში ვერაფერი გააწყო ფრანგ ლეგენდა ტედი რინერთან. სახელოვანმა მეტოქემ ქართველი ძიუდოისტი ჯერ ვაზარიზე დასცა, შემდეგ კი, იპონიც მიაყოლა. ბრინჯაოს მედლისთვის ზაალიშვილი არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ მაგომედომარ მაგომედომაროვს შეხვდება.

დღესვე ტატამიზე საქართველოს ქალთა ნაკრების 2 წევრიც გავიდა, თუმცა, მათ ასპარეზობა მალევე დაასრულეს. მარიამ ჭანტურია (78 კგ.) ვენესუელელ კარენ ლეონთან დამარცხდა, სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) კი – ისრაელის წარმომადგენელ რაზ ჰერშკოსთან.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები