Thumbnail

'რამდენჯერ უნდა დაწერონ ეს სისულელე?' - ბასილაშვილის პასუხი ZDF-ის სტატიას

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე
  • გერმანულმა ZDF-მა ნიკოლოზ ბასილაშვილზე არასასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა
  • 'ევროპოპი' ნიკას დაუკავშირდა, საქართველოს პირველი ჩოგანი ცნობებს სისულელეს უწოდებს
  • მისი თქმით, ასეთ ინფორმაციებს სპეციალურად უვრცელებენ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

გერმანული ტელევიზია ZDF-ის ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ასლან კარაცევი და მათი ყოფილი ბელარუსი მწვრთნელი იგორ იაციკი მატჩების ჩაწყობაში არიან ეჭვმიტანილები. 

ბელარუსი სპეციალისტი რუს ასლან კარაცევს 2018-2021 წლებში წვრთნიდა, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილისა და იაციკს შორის 2013 წელს დაწყებული თანამშრომლობა 18 თვეს გაგრძელდა. როგორც გერმანული ტელევიზია აცხადებს, ბელარუსმა ჩოგბურთელებს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის მიღების სანაცვლოდ ფული სულ მცირე ორჯერ შესთავაზა. ZDF-ის მტკიცებით, აღნიშნული ინფორმაცია მათ საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაციის (ITF) საგამოძიებო მასალებიდან მიიღეს.

ტელეკომპანიასთან საუბარში, წარმოშობით აღმოსავლეთევროპელი მწვრთნელი, რომელსაც ვინაობის გასაჯაროება არ სურს, ამბობს, რომ იაციკი ფსონებთან დაკავშირებულ მაქინაციებში დიდი ხანია მონაწილეობს. ინკოგნიტო წყაროს მტკიცებით, ბელარუსი გარიგებული თამაშების საქმეებში რუს და აღმოსავლეთევროპელებთან ერთად მოქმედებს. 

აი, რას ამბობს აღნიშნული სპეციალისტი ZDF-თან საუბარში: "იგორ იაციკს ყოველთვის ბევრი ფული აქვს თან და ტურში ისეთ ახალგაზრდა მოთამაშეებს ეძებს, რომლებსაც ფსიქოლოგიური ან ფინანსური პრობლემები აქვთ და მათი თანხის სანაცვლოდ  დარწმუნება შეუძლია. იაციკი ორივე მოთამაშეს დიდი ხანი აკვირდებოდა და მათთან ახლო კონტაქტი ჰქონდა. ბასილაშვილიცა და კარაცევიც დაუჯერებლად ნიჭიერი ჩოგბურთელები არიან, მაგრამ, დასაწყისში მათ სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდათ და სუსტად გამოსვლის ფაზებიც, რეიტინგში ორივემ დიდი ვარდნა განიცადა. იგორი ჩოგბურთელებთან ყოველთვის კარიერის კრიტიკულ მომენტში ჩნდება ხოლმე."

ZDF აცხადებს, რომ მათ გააჩნიათ ინფორმაცია 5 მატჩის შესახებ, რომლებზეც განსაკუთრებით დიდი ფსონები განთავსდა და როგორც ამბობენ, მათში მონაწილეობის მიღებაში შემჩნეული ასლან კარაცევი გახლავთ. გერმანული ტელევიზიის მტკიცებით, იაციკის მწვრთნელობის პერიოდში კარაცევმა ორი ასეთი შეხვედრა ჩაატარა - 2019 წელს ფინეთში და 2020 წელს ყაზახეთში, ორივე მატჩი ჩელენჯერებზე იყო. იაციკი და კარაცევი 2020 წლის როლან გაროსის მიმდინარეობისას ფრანგულმა პოლიციამ დაკითხა, რის შესახებაც 2 მაისს l'Équipe-მა დაწერა. მას შემდეგ კი არაფერი მომხდარა. 

ასლან კარაცევი

ZDF-ის ინფორმაციით, გარიგებულ მატჩში მონაწილეობა კარაცევმა ბოლოს შტუტგარტის ტურნირზე მიიღო, ეს წყვილთა თანრიგის პირველი წრის შეხვედრა გახლდათ. ორგანიზატორებმა ტელევიზიას განუცხადეს, რომ თამაშის ჩაწყობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

ტომ მეისმა, რომელიც Sportradar-ის (მონიტორინგის კომპანია, რომელიც მსოფლიოს ჩოგბურთის ასოციაციისთვის ფსონების ბაზარს შეისწავლის) აღმასრულებელი დირექტორია, ZDF-ს უთხრა: "შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ ასლან კარაცევის მატჩი შევისწავლეთ, თუმცა მსოფლიოს ასოციაციასა და ITIA-სთან (მსოფლიოს ჩოგბურთის სამართლიანობის დაცვის სააგენტო) არსებული კონტრაქტიდან გამომდინარე შესწავლით მიღებული კონკრეტული შედეგების შესახებ ინფორმაციის მოწოდება არ შემიძლია."

ITIA-ს არანაირი სახის განცხადება არ გაუვრცელებია, ხოლო ტელეკომპანიის ინფორმაციით, ITF-ის კომპეტენტური ორგანოები უარს აცხადებენ, პასუხი გასცენ შეკითხვას საფრანგეთში მიმდინარე გამოძიებიდან გამომდინარე, თუ რატომ არ არიან იაციკი და კარაცევი ჩოგბურთის სამყაროში დაბლოკილები. ITIA-ს მიერ ცხოვრების ბოლომდე ჩოგბურთის სფეროში საქმიანობა ასლან კარაცევის ყოფილ მეგობარ გოგონა სოფია დმიტრიევას აეკრძალა. ტელევიზიის განცხადებით, თავად კარაცევმა ZDF-ს ინტერვიუ მისცა, თუმცა მოგვიანებით საკუთარი კომენტარები უარყო. 

ZDF რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ITIA-ში ბასილაშვილის გარშემო გარიგებული მატჩების შესახებ გამოძიება მიმდინარეობს. ZDF წერს, რომ ქართველი ჩოგბურთელის მენეჯერს დაუკავშირდა, რომლისაგან მიიღო პასუხი, რომ  ITIA-სგან მსგავსი არაფერი სმენიათ.

'ბასილაშვილი: რამდენჯერ დაწერეს ასეთი რამე ჩემზე, როდისმე გამართლებულა?'

გერმანული ტელეკომპანიის ინფორმაციით, გამოძიება 2021 წლის უიმბლდონის წყვილთა თანრიგის პირველი წრის მატჩზე (ბასილაშვილი და ალბოტი ტრავალია/ფუჩოვიჩის წყვილთან 3 სეტში დამარცხდნენ) უნდა მიმდინარეობდეს. მიზეზი ქართველისა და მოლდოველის წყვილის წაგებაზე დადებული უჩვეულოდ დიდი ფსონია (დაახლოებით ნახევარი მილიონი აშშ დოლარი). ZDF-ში ამბობენ, რომ რამდენიმე ბუქმეიქერულმა კანტორამ და საკითხში გარკვეულმა პირებმა მათ ზემოთაღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურეს. 'ევროპოპმა' ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირება მოახერხა.

საქართველოს პირველი ჩოგანი გავრცელებულ ცნობებს უარყოფს და სისულელეს უწოდებს: "და კომენტარი გავაკეთო ამ სისულელეზე? რამდენჯერ დაწერეს ასეთი რამე ჩემზე, როდისმე გამართლებულა? სასამართლო პროცესი ვისაც მოვუგე, დგას და რუსულ გვერდებს აწერინებს სისულელეებს, შემდეგ ეს გვერდები იღებენ ამ ინფორმაციას და ავრცელებენ, რომ ნახვადი იყოს." - გვითხრა ბასილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკამ თბილისის საქალაქო სასამართლოში დავა მოიგო. მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდნენ ბიზნესმენი ძმები კაჭარავები, რომლებიც ცნობილ ჩოგბურთელს რამდენიმე მილიონ ლარს ედავებოდნენ. მოსამართლემ მათი არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სრულად გაიზიარა ბასილაშვილის ადვოკატების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

კომენტარები

ბოლო ამბები