საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ისტორიულმა გამარჯვებამ უპრინციპულეს მეტოქე იტალიასთან ალბათ ყველა სპორტული მოვლენა გადაფარა. არადა, გასულ უიკენდზე ბევრი რამ მოხდა: გაირკვა გიგა ჭიკაძის მომდევნო მეტოქე, დაიწყო წლის მე-4 სუპერტურნირი სუმოში, გაიმართა უიმბლდონის ღია პირველობის ფინალი და ავსტრიის გრანპრი ფორმულა 1-ში. ჰო, კიდევ: საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბუდაპეშტის გრანდსლემი ოქროს მედლის გარეშე დაასრულა. ყველაფერი, რაც შეიძლება შაბათ-კვირას გამოგრჩათ, "ევროპოპის" ტრადიციულ ორშაბათის საკითხავში:
1. რაგბი | ვინ რა თქვა თამაშის შემდეგ
თამაში ალბათ ყველამ ნახეთ, მაგრამ საქართველოსა და იტალიის მორაგბეთა ნაკრები გუნდების ისტორიული მატჩის გამოხმაურება არანაკლებ საინტერესო იყო - იმდენად საინტერესო, რომ არცერთი კომენტარი თუ შეფასება არ უნდა გამოგრჩეთ. ამ ბმულზე ნახავთ როგორც 'ბორჯღალოსნების', ისე იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კომენტარებს. ასევე ქართველი მორაგბეების რეაქციებს მატჩის შემდეგ და როგორც მედიის (Daily Mail, Gazzetta Dello Sport), ისე ქომაგების გამოხმაურებას.
📋 | საქართველოს ნაკრების ტრიუმფის ყველა გამოხმაურება ნახეთ აქ

2. MMA | ჭიკაძე ბრუნდება, მეტოქე ცნობილია
ზუსტად 9-თვიანი პაუზის შემდეგ, გიგა ჭიკაძე UFC-ს ოქტაგონს უბრუნდება. ქართველი მებრძოლის მეტოქე 18 სექტემბერს გასამართ ღონისძიებაზე ამერიკის მოქალაქე სოდიქ ოლამიდე იუსუფი იქნება. გიგას მეტოქე და ბრძოლის თარიღი UFC ESPN 39-ის ეთერში დაადასტურეს.
📋 | ვრცლად ჭიკაძის მეტოქეზე და ბრძოლაზე წაიკითხეთ აქ
3. სუმო | ტოჩინოშინმა ბაშო მოგებით გახსნა
34 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, იაპონიის ქალაქ ნაგოიაში დაწყებულ წლის მე-4 სუპერტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა. ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, სასტარტო დღეს კი დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის გაეჯიბრა და მასთან ურთიერთშეხვედრებში წონასწორობა აღადგინა – 6 მოგება, 6 მარცხი.
📋 | ტოჩინოშინის პირველი ბრძოლა ნაგოია ბაშოზე ნახეთ აქ
4. ჩოგბურთი | ჯოკოვიჩი უიმბლდონზე უძლეველია
თუ აქამდე ვინმეს კიდევ ჰქონდა რაიმე კითხვის ნიშანი, ახლა უკვე ოფიციალურად: ნოვაკ ჯოკოვიჩი ბოლო წლებში უიმბლდონის მეფეა! ნოლემ კარიერაში 21-ე დიდი სლემი მოიგო - აქედან 7-ჯერ სწორედ უიმბლდონის ღია პირველობა აქვს მოგებული. ბოლოს ზედიზედ ოთხჯერ! სერბმა უიმბლდონის ფინალში ნიკ კირიოსი ოთხ სეტში - 4:6, 6:3, 6:4, 7:6 დაამარცხა.
📋 | უიმბლდონის ფინალის მიმოხილვა ნახეთ აქ
5. F1 | ლეკლერის ტრიუმფი ავსტრიაში
ფორმულა 1-ის 2022 წლის სეზონის მე-11 გრან პრი, რომელსაც ავსტრიამ უმასპინძლა, ფერარის პილოტის, შარლ ლეკლერის ტრიუმფით დასრულდა. მონეგასკმა კარიერაში მე-5, მიმდინარე სეზონში კი მესამე რბოლა მოიგო. საინტერესოა ისიც, რომ ფერარიმ ავსტრიის გრან პრიზე 2003 წლის შემდეგ პირველად იმარჯვა: ლეკლერამდე, ეს იტალიური საჯინიბოს რიგებში ლეგენდარულ მიხაელ შუმახერს ჰქონდა გაკეთებული.
📋 | ავსტრიის გრანპრის მიმოხილვა ნახეთ აქ

კომენტარები