Thumbnail
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი აცრას ისევ არ აპირებს
  • აშშ-ის ღია პირველობას ალბათ გამოტოვებს

ნოვაკ ჯოკოვიჩმა კვირას უიმბლდონის ღია პირველობა ზედიზედ მეოთხედ, ჯამში კი მეშვიდედ მოიგო. ამრიგად, მას უკვე 21 დიდი სლემი აქვს მოგებული და მხოლოდ ერთით ჩამორჩება რაფაელ ნადალს. ესპანელთან გათანაბრების შანსი მას წესით აგვისტოს ბოლოდან, აშშ-ის ღია პირველობაზე უნდა მიეცეს, მაგრამ ნიუ იორკში სერბის ასპარეზობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

საქმე ისაა, რომ როგორც იცით, ჯოკოვიჩი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ არის და თუ მანამდე აშშ-ში შესვლის წესები არ შეიცვალა, ამერიკის ღია პირველობაზე ასპარეზობის უფლება არ ექნება. უიმბლდონის მოგების შემდეგ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ აცრას არ აპირებს და იმედი აქვს, რომ აგვისტოს ბოლომდე წესები შეიცვლება.

“აცრილი არ ვარ და არც ვგეგმავ. სამწუხაროდ, არარეალურია, რომ ჩემზე გამონაკლისი დაუშვან. შესაბამისად, იმის იმედი მაქვს, რომ მწვანე ბარათი, თუ რაც ჰქვია, გაუქმდება,” - განაცხადა ჯოკოვიჩმა.

იმისათვის, რომ აშშ-ში შეუშვან, ნოლეს სრულფასოვანი აცრის დამადასტურებელი საბუთი სჭირდება. 35 წლის სერბი ამბობს, რომ ნიუ იორკში დიდი სიამოვნებით ითამაშებს, თუკი ამის შესაძლებლობა ექნება. 

“თუ არ გამოვა, უნდა შევხედო, როგორი შეიძლება იყოს ჩემი გეგმები აგვისტოსა და სექტემბერში.” - დასძინა მან. 

ჯოკოვიჩმა უიმბლდონი ზედიზედ მეოთხედ მოიგო

შეგახსენებთ, რომ რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელების დისკვალიფიკაციის შემდეგ გადაწყდა, რომ უიმბლდონის ღია პირველობაზე სარეიტინგო ქულები არ გათამაშდებოდა. შედეგად, მიუხედავად ტრიუმფისა, ჯოკოვიჩი რეიტინგში მე-7 პოზიციამდე ჩამოქვეითდა. თუკი ვერც აშშ-ის ღია პირველობაზე ითამაშებს, კიდევ უფრო მეტად დაქვეითდება.

კომენტარები

ბოლო ამბები