Thumbnail

დიბალა და კვარაცხელია ერთად? პაულოს ნაპოლიში ტრანსფერის შანსი იზრდება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ნაპოლიში პაულო დიბალას ტრანსფერზე აქტიური საუბარი მიმდინარეობს
  • 28 წლის არგენტინელი ისევ უკლუბოდაა და იტალიაში დარჩენა სურს
  • დიბალას ნაპოლის გარდა, რომას და ინტერსაც უკავშირებენ

ხვიჩა კვარაცხელიას და პაულო დიბალას დუეტი ნაპოლიში? შესაძლოა, ეს სულ მალე რეალობა გახდეს.

იტალიური მედია, მათ შორის "გაძეტა დელო სპორტი" და ნეაპოლური გამოცემები, რომლებსაც ნაპოლის შიდა სამზარეულოსთან ახლო კონტაქტები აქვთ, არგენტინელი ფეხბურთელის კამპანიის დედაქალაქში გადაბარგებაზე უკვე ძალიან აქტიურად წერენ.

დიბალა თავისუფალი აგენტია და კლუბი ჯერ კიდევ ვერ იპოვა, მიუხედავად იმისა, რომ იუვენტუსიდან მისი წასვლა ჯერ კიდევ მარტში(!) დადასტურდა. დიბალამ და იუვემ მაშინ ხელფასზე ვერ მოილაპარაკეს, რადგან ტურინელები 8 მილიონს და ბონუსებს სთავაზობდნენ, ფეხბურთელი მინიმუმ 10 მილიონს ითხოვდა. საბოლოოდ, იუვემ მასთან უფასოდ შელევა ამჯობინა.

ახლა კი საქმე ისეა, რომ დიბალა თანახმაა ახალ გუნდს, სადაც გადავა, 5 მილიონი ევროს (პლუს ბონუსები) ხელფასზე მოელაპარაკოს, რადგან დარწმუნდა, რომ იუვენტუსში მის მიერ მოთხოვნილ ფინანსურ პირობებს არცერთი კლუბი სთავაზობს. ერთი პერიოდი დიბალა მილანის ინტერთან ახლოს იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც "ნერაძურიმ" რომელუ ლუკაკუ დაიმატა, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და შეჩერდა კიდეც. თუმცა, ინტერი დიბალას ირგვლივ განვითარებულ სიტუაციას ისევ აკვირდება. ნაპოლისა და მილანური კლუბის გარდა, 28 წლის არგენტინელს ჟოზე მოურინიოს რომას უკავშირებენ.

პაულო დიბალა ბოლო სეზონში იუვეს ვიცე-კაპიტანი იყო

Radio Kiss Kiss Napoli წერს, რომ პაულო ნაპოლის შეთავაზებას უკვე სერიოზულად განიხილავს და მას განსაკუთრებით დიეგო მარადონას კლუბში თამაში იზიდავს, რადგან იქ შანსი ექნება, პუბლიკის აბსოლუტური გმირი გახდეს. წყაროს თანახმად, მხარეებს შორის უკვე კონკრეტული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სხვათა შორის, დიბალას დამატება რამდენიმე დღის წინ ნეაპოლელთა სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ უარყო, მაგრამ იტალიაში წერენ, რომ მან უბრალოდ იცრუა და მედიის წინაშე ტრანსფერის დეტალებზე საუბარს თავი აარიდა. ორიოდ დღის წინ კი, კლუბის მფლობელის, აურელიო დე ლაურენტისის ვაჟმა, ედოარდო დე ლაურენტისმა, რომელიც კლუბის სტრუქტურაში მუშაობს, ფანებთან შეხვედრისას დიბალას ტრანსფერი არ გამორიცხა. მოკლედ, ყველაფერი შესაძლებელია და პაულო შესაძლოა "აძურის" რიგებში ვიხილოთ.

ამასობაში, დიბალა, რომელიც უკლუბოდაა, ტურინში დაბრუნდა და შინ ინდივიდუალურად ემზადება. შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა იუვენტუსში 2015-2022 წლებში 293 შეხვედრაში 115 გოლი გაიტანა. მანამდე ის პალერმოშიც თამაშობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები