Thumbnail

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 6 ერის ზაფხულის სერიები მე-6 ადგილზე დაასრულეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საფრანგეთი 44:17 საქართველო
  • ლადო კილასონიას შეგირდებმა იტალიაში გამართულ ტურნირზე ბოლო მატჩი ჩაატარეს

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა 6 ერის ზაფხულის სერიები მე-6 ადგილზე დაასრულა. ეს მას მერე გახდა ცნობილი, რაც უმცროსმა ბორჯღალოსნებმა დასკვნით შეხვედრაში საფრანგეთთან 17:44  წააგეს. ეს, ქართველებისთვის ტურნირზე ყველაზე ცუდი მატჩი გამოდგა. ისინი აშკარად დაიჩაგრნენ მეტოქესთან, რომელიც მთელი მე-2 ტაიმი კაცნაკლული თამაშობდა და წითელი ბარათის გარდა, 2 ყვითელი ბარათიც მიიღო.

მატჩში ანგარიში ქართველმა მორაგბეებმა გახსნეს. უმცროსი ბორჯღალოსნების მიერ დერეფნიდან გათამაშებულ კომბინაციას ფრანგები კი გაუმკლავდნენ, თუმცა, ალექსანდრე ქუნთელიამ დასწრებაზე კარგად ითამაშა და ბურთის დამიწება მოახერხა. პეტრე ხუციშვილმა რთული გარდასახვა გაიტანა და საქართველო 7:0 დაწინაურდა.

ხუციშვილმა მალევე საჯარიმოც ზუსტად დაარტყა და ტაბლოზე 10:0 დააწინაურა, ფრანგებმა კი სალელოვე შეტევით 27-ე წუთზე გვიპასუხეს. გატიენ მასე მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა და მისი შეჩერება ვერავინ მოახერხა. ტაიმის ბოლოს “სამფეროვნებმა” კიდევ 2 ლელო (მასემ დუბლი შეასრულა და ბენჟამინ ბუდუმაც დაგვალელოვა) დადეს და შესვენებაზე 17:10-ზე გავიდნენ.

თამაში ახალი განახლებული იყო, როდესაც ტომას მუკორომ მაღალი ბოჭვისთვის წითელი ბარათი მიიღო და თითქოს საქართველოს ნაკრებს დიდი უპირატესობა მიეცა, თუმცა, ქულები ისევ მეტოქემ აიღო. "სამფეროვნებმა" ჯარიმა გაიტანეს, მალევე კი ლუი ბიელ-ბიარიმ შორეული პასი მიიღო და მარცხენა ფლანგზე დაგვალელოვა - 27:10.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კაცნაკლულს მეტოქეს შეუტიეს და ლაშა ციხისთავისა და პეტრე ხუციშვილის გარდასახვას გამორჩნენ - 27:17. ამ დროს ქართველ მორაგბეებს ზეწოლა უნდა გაეძლიერებინათ, თუმცა, ფიზიკურად აშკარად მოუკლეს და დარჩენილ დროში ქულებს მხოლოდ მეტოქე იღებდა. მაქს ორიაკმა და ლეო ბანოსმა კიდევ 2-ჯერ დაგვალელოვეს და საბოლოოდ, საფრანგეთმა 44:17 იმარჯვა.

ამგვარად, ლადო კილასონიას შეგირდებმა იტალიურ ტურნირზე გამართული 4 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს, თუმცა, უკან მოიტოვეს ირლანდიისა და შოტლანდიის ნაკრებები. შეგახსენებთ, რომ ქართველმა მორაგბეებმა ჯგუფში შოტლანდია 55:17 გაანადგურეს, საფრანგეთამდე კი, იტალიასა (19:36) და უელსს (24:30) ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს.

კომენტარები

ბოლო ამბები