Thumbnail
  • 'თორნიკესთან პრობლემები ჰქონდა და ამ გამოცდილების განმეორება აღარ უნდოდა'
  • იტალიელმა ჟურნალისტმა მოყვა, რატომ ჩაიშალა აკილე პოლონარას ტრანსფერი ვირტუსში

სტამბოლის ფენერბაჰჩეს აწ უკვე ყოფილმა ფორვარდმა აკილე პოლონარამ კონტრაქტზე უარი უთხრა იტალიურ ვირტუსს და ხელშეკრულებას თურქულსავე ანადოლუ ეფესთან გააფორმებს. როგორც Radio Nettuno Uno-სა და Virtus Segafredo TV-ს ჟურნალისმა დარიო რონზულიმ Sportando-ს განუცხადა, იტალიელი კალათბურთელმა ბოლონიელთა რიგებში გადასვლა იმიტომ არ ისურვა, რომ იქ თორნიკე შენგელია დახვდებოდა.

“პოლონარამ ვირტუსთან მოლაპარაკება მალევე შეწყვიტა. როგორც ირკვევა, მას არ სურდა ერთ გუნდში ყოფილიყო შენგელიასთან. აკილემ ბოლონიელებს მიანიშნა, რომ მას თორნიკესთან პრობლემატური ურთიერთობა ჰქონდა და წარსულის გამოცდილების განმეორება აღარ უნდოდა. უფრო სწორად რომ ვთქვათ, მას შენგელიას გვარი არ უხსენებია, თუმცა, ყველა მიხვდა, რომ საუბარი მასზე იყო. მოლაპარაკება ჩიხში სწორედ ამიტომ შევიდა.

პოლონარამ და შენგელიამ ერთად მოიგეს ესპანეთის ლიგა ენდესა 2020 წელს, თუმცა, როგორც სჩანს, ამ კალათბურთელებს შორის უთანხმოებაც იყო. ვირტუსს აკილეს დამატება მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა, ცხადია, მის გამო ვერ შეელეოდა შენგელიას, რომელთანაც ურთიერთობას კიდევ რამდენიმე წელი გეგმავს. ახლა, გუნდმა გეგმა B უნდა აამოქმედოს, რათა ფორვარდის პოზიციაზე სხვა კალათბურთელი დაიმატოს”.

შეგახსენებთ, რომ ბოლონიამ თორნიკე შენგელია გასული სეზონის მიმდინარეობისას მოსკოვის ცსკა-დან აიყვანა და მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს. შენგელიასა და პოლონარას, შესაძლოა, დაპირისპირება მალევე მოუწიოთ, ოღონდ - სანაკრებო დონეზე. 27 აგვისტოს იტალია საქართველოს ეროვნულ გუნდს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები