Thumbnail
  • გიორგი ჭიაბრიშვილმა ესტონელი ჟურნალისტების შეკთხვებს უპასუხა
  • საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მწვრთნელი თავისუფლად თამაშს ელოდება
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

თბილისის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ესტონეთში პაიდესთან საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ადგილობრივი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 

თბილისელთა დამრიგებელმა განვლილი შეხვედრისა და მეტოქის შესახებ ისაუბრა.

...პირველ თამაშზე: "ფეხბურთი 90 წუთი გრძელდება. წინა მატჩში შექმნილი მომენტებიდან გამომდინარე, გვქონდა კარგი შანსი, რომ საშინაო შეხვედრა, მინიმუმ, არ წაგვეგო. თუმცა, რაღაც მომენტში კონცენტრაცია დავკარგეთ, უხეში შეცდომები დავუშვით და საკუთარ კარში გოლები მივიღეთ. ფეხბურთი ასეთია, თუ 90 წუთის მანძილზე არ იქნები კონცენტრირებული, შესაძლოა, ასე მოხდეს."

...არენაზე: "აქაურ სტადიონთან შედარებით, ჩვენ უფრო დიდი არენა გვაქვს, გაცილებით მეტი ადამიანი მოვიდა და ამას თავისი წნეხი ჰქონდა. თან პირველი შეხვედრა იყო და ესეც გასათვალისწინებელია. ვიცით, რომ ხვალ პაიდეს სტადიონზე ბევრი ადამიანი მოვა, მიმაჩნია, რომ ისინი კარგ ატმოსფეროს შექმნიან და ჩვენ ლაღად ვითამაშებთ. ვთვლი, რომ საშინაო შეხვედრაში წნეხი ჩვენზე მოქმედებდა." 

დინამო თბილისის ბოლო ვარჯიში მატჩის წინ
📸 | დინამო თბილისი

...მეტოქის შესახებ: "დღეს მოწინააღმდეგის შესახებ ინფორმაციის მოპოვება რთული არ არის. პაიდეს შესახებ ყველაფერი ვიცოდით, რასაც ველოდით ამ გუნდისგან, ის თამაში ვიხილეთ. საფრთხეების გაანალიზებული გვქონდა, მაგრამ ერთია, როცა მეტოქის ფეხბურთს ტელევიზორიდან უყურებს და მეორე, როცა მას პირისპირ შეხვდები."

...დაპირისპირებაზე: "წნეხის საფუძველი ის იყო, რომ მოსულ გულშემატკივარს ჩვენი გამარჯვება სურდა. ეს ვერ მოვახერხეთ. არ ვამბობ, რომ აუცილებლად უნდა მოგვეგო. პაიდე კარგად ორგანიზებული გუნდი იყო, ჩვენ ყველა მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ. მნიშვნელოვანი მოგება იყო, მაგრამ არ გამოვიდა. დინამო თბილისს რა წნეხიც ახლავს თან, ამას გვერდს ვერ ავუვლით, რადგან ვისაც არ უნდა ვეთამაშებოდეთ, ეს ავტომატურად წნეხია. ამას მიჩვეულები ვართ, უბრალოდ იმას ვგულისხმობ, რომ ესტონეთში დამატებითი საფიქრალი არ გვექნება და მხოლოდ თამაშზე ვიფიქრებთ."

კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრაში თბილისის დინამო პაიდესთან 2:3 დამარცხდა. განმეორებითი შეხვედრა კი 14 ივლიის, ხუთშაბათს გაიმართება. ესტონეთის ქალაქ პარნუში მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.  

კომენტარები

ბოლო ამბები