Thumbnail
  • ზაგრების გრან პრის პირველ დღეს ტატიმიზე სამი ქართველი ძიუდოისტი გავიდა
  • ეთერ ლიპარტელიანი ფინალშია, გიორგი სარდალაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს 

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოისტთა გრან პრი დაიწყო, რომლის პირველ დღეს ტატამიზე საქართველოს ნაკრების სამი წევრი გავიდა - გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (-66) და ეთერ ლიპარტელიანი (-57). ეთერ ლიპარტელიანი ფინალშია, გიორგი სარდალაშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.  

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 სთ-იდან დაიწყება.

გიორგიმ ბრაზილიელ მათეუს ტაკაკის დამატებით დროში აჯობა

სარდალაშვილმა ვაჟთა უმსუბუქეს წონაში გამოსვლა მეორე წრიდან, ტაჯიკ მუჰამადსოლეჰ ქუვატოვთან ვაზარით გამარჯვებით დაიწყო, რის შემდეგაც ბრაზილიელ მათეუს ტაკაკის დამატებით დროში სუფთად მოუგო. 19 წლის ქართველმა ძიუდოისტმა 1/4-ფინალში ფრანგ მაქსიმ მერლენთან ვაზარით წააგო და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც თურქმენ ჰაკბერდი იუმაევს იპონით აჯობა. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში სარდალაშვილის მეტოქე ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი იქნება.

66 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველივე შეხვედრა დათმო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა ვაჟა მარგველაშვილმა, რომელმაც ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და სერბ სტრაჰინია ბუნჩიჩთან იპონით დამარცხდა. 

ქალთა -57 კგ-მდე წონით კატეგორიაში მეორე წრიდან დაიწყო გამოსვლა ეთერ ლიპარტელიანმა. ევროპის ბრინჯაოს ქართველმა პრიზიორმა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ალესია ტოპრაკთან შეხვედრაში ვაზარი მალევე მიითვალა და უპირატესობა შეინარჩუნა. ამის შემდეგ ლიპარტელიანმა გზიდან ჯერ გაფრთხილებებით შვეიცარიელი ოლივია გერჩი ჩამოიშორა, შემდეგ კი ხორვატი ტიჰეა ტოპოლოვეცი დააიპონა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც კუბელ არნაეს ოდელინ გარსიასთან ვაზარით კი აგებდა, მაგრამ ბოლო წამებზე მოპოვებული ვაზარითა და გაფრთხილებებით მოიგო. გადამწყვეტ შეხვედრაში ეთერ ლიპარტელიანის მეტოქე მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი, კანადელი კრისტა დეგუჩი იქნება.   

ზაგრებში, სადაც გრან პრი 15-17 ივლისს იმართება, საქართველოს ნაკრები 10 ძიუდოისტით (8 ვაჟი, 2 ქალი) წარსდგა. 

შარშან ხორვატიის დედაქალაქში მხოლოდ 4 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, ორმა მათგანმა კი კვარცხლბეკზე ასვლა მოახერხა: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) ჩემპიონი გახდა, ხოლო ლუკა მაისურაძემ (90 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები