- 'პერუჯასთან მატჩში ანგარიში ნაპოლის ახალმა მარგალიტმა გახსნა'
- კვარაცხელიამ პერუჯასაც გაუტანა - მე-3 გოლი ორ თამაშში
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
ხვიჩა კვარაცხელია იტალიური ნაპოლის მაისურით ჩატარებულ მე-2 მოსამზადებელ მატჩშიც გამორჩეული იყო და სერია B-ს ბინადარ პერუჯას უკვე მე-5 წუთზე გაუტანა. ახლა, ხვიჩას მონაგარი ასეთია: 3 გოლი და საგოლე პასი ორ შეხვედრაში. გასაკვირი არაა, რომ ნეაპოლელი ქომაგები ქართველი ახალწვეულით კმაყოფილები არიან და იტალიურ მედიაშიც კარგი გამოხმაურება აქვს.
“ნაპოლიმ სერია B-ს წევრ პერუჯას 4:1 სძლია და ამ თამაშშიც ბრწყინავდა გუნდის ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც პირველი გოლი ოსიმჰენთან ბურთის გათამაშების შემდეგ გაიტანა. შეიძლება ითქვას, რომ კვარაცხელია უკვე არის ნეაპოლელთა ოქრო”, - დაწერა Calcioinpillole-მ.
“ქართველმა ფეხბურთელმა პერუჯას ფანტასტიკური გოლი გაუტანა. ის მოედანზე თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს და თავისი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენისთვის შანსს ხელიდან არ უშვებს. KK, როგორც ქომაგებმა ხვიჩას შეარქვეს, თანაგუნდელებთან უკვე საკმაოდ კარგად არის შეთამაშებული და ამჯერადაც, ყველაფერი მაგრად გააკეთა: მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ძალიან ოსტატურად დაარტყა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის სისწრაფე, რომლითაც კვარაცხელიამ ეს ყველაფერი შეძლო”- ეს Sportface-ის კომენტარია.
და ბოლოს Eurosport-ის იტალიური ვერსიაც: "პერუჯასთან მატჩში ანგარიში ნაპოლის ახალმა მარგალიტმა კვარაცხელიამ გახსნა. ერთი შეხედვითაც სჩანს, რომ ის ჯერ იდეალურ ფიზიკურ კონდიციებში არაა, თუმცა, ტალანტის წარმოჩენას მაინც ახერხებს.
ნაპოლის კიდევ 4 ტესტ-მატჩი აქვს დაგეგმილი: ადანა დემირსპორთან (27 ივლისი), მალიორკასთან (31 ივლისი), ჟირონასთან (3 აგვისტო) და ესპანიოლთან (6 აგვისტო). სერია A-ს პირველი ტური 14 აგვისტოს გაიმართება და კვარაცხელიას კლუბი სტუმრად ვერონას შეხვდება.
კომენტარები