- ეკატერინე გორგოძე მსოფლიოს 46-ე ჩოგანი გახდა
- წინსვლა განიცადა ოქსანა კალაშნიკოვამაც
- ჩოგბურთი | გორგოძემ და კალაშნიკოვამ ბუდაპეშტის ტურნირი მოიგეს
30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ WTA-ს წყვილთა რეიტინგში კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. დღეს განახლებულ კლასიფიკაციაში ეკო 4 პოზიციით დაწინაურდა და 1 712 ქულით 46-ე ადგილზე იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ გორგოძე მხოლოდ 2 საფეხურით ჩამორჩება ნათელა ძალამიძეს, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა საქართველოზე ცოტა ხნის წინ გაცვალა და 1 775 ქულით 44-ეა.
სოლიდური წინსვლა აქვს ოქსანა კალაშნიკოვასაც, რომელიც ერთბაშად 20 ადგილით აღზევდა და 1 227 ქულით მსოფლიოში 64-ეა. 31 წლის კალაშნიკოვას კარიერის პიკი 2016 წლის ივლისში ჰქონდა, როდესაც წყვილებში 43-ე საფეხურს უწია.
გორგოძისა და კალაშნიკოვას წინსვლა გასულ კვირას ბუდაპეშტის 250-ანი ტურნირის მოგებამ განაპირობა. ცნობისთვის, ეკატერინემ WTA-ს რანგის ტურნირზე მხოლოდ მეორედ იმარჯვა, ოქსანამ კი, უკვე – მეხუთედ.
კალაშნიკოვამ უნგრეთიდან იტალიაში გადაინაცვლა და მიმდინარე კვირაში პალერმოს საერთაშორისო ტურნირში ყაზახ ანა დანილინასთან ერთად ჩაებმება (იტალიელებს კოჩიარეტოსა და როსატელოს გაეჯიბრებიან). იქვე იქნება ნათელა ძალამიძეც. ის და რუსი ანასტასია ტიხონოვა ჩილელ გუარაჩისა და ამერიკელ მუჰამადს შეხვდებიან.
როგორც უკვე ვწერდით, გერმანიის ქალაქ ჰამბურგშია და ადგილობრივ ტურნირში ხვალიდან ჩაერთვება ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი. მისი პირველი მეტოქე რუსი ასლან კარაცევი იქნება.
ვთქვათ ისიც, ATP-ს განახლებულ რეიტინგში ბასილაშვილი 3 ადგილით დაქვეითდა და 1 380 ქულით 28-ეა, ხოლო კარაცევი პირიქით დაწინაურდა და 1 103 ქულით 37-ეა, ამდენად, ჰამბურგში მე-6 ნომრად განთესილ ქართველ ჩოგბურთელს წილისყრისას ნამდვილად არ გაუმართლა.
კომენტარები