Thumbnail

ერთი ნაბიჯი მსოფლიო თასამდე - 7-კაცა ნაკრებმა გადამწყვეტი მატჩი წააგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს 7-კაცა ნაკრები კვალიფიკაციის მეოთხედფინალში ირლანდიასთან დამარცხდა
  • გაირკვა 24-ვე გუნდის ვინაობა, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში დაგეგმილ ტურნიზე გამოვლენ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრებს ერთი მოგება დააკლდა, რათა 2022 წლის მსოფლიო თასის საგზური მოეპოვებინა.

ქართველმა მორაგბეებმა შესარჩევი ტურნირი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ითამაშეს და ჯგუფურ ეტაპზე გერმანიასთანა (7:26) და უელსთან (14:33) წაგების შემდეგ, მასპინძლებს 15:7 სძლიეს.

ქართულმა 7-კაცამ ჯგუფში გერმანიასთანაც წააგო

ამგვარად, საქართველოს ნაკრები ტურნირის 8 საუკეთესოს შორის მოხვდა და მეოთხედფინალში ირლანდიას გადაეყარა. ამ მატჩში ქართველები გარდასახული ლელოთი დაწინაურდნენ, თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ვერც გაწითლებულ დროში დადებულმა მე-2 ლელომ გვიშველა – 12:17.

ამგვარად, გაირკვა ყველა იმ ნაკრების (24) ვინაობა, რომლებიც სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპ ტაუნში 9-11 სექტემბერს დაგეგმილ მსოფლიო თასში მიიღებენ მონაწილეობას. ესენი არიან:

სამხრეთ აფრიკა, უგანდა, ზიმბაბვე, კენია (ყველა – აფრიკა), აშშ, კანადა, იამაიკა (ყველა – ჩრდილოეთ ამერიკა), არგენტინა, ჩილე, ურუგვაი (ყველა – სამხრეთ ამერიკა), ჰონგ კონგი, სამხრეთ კორეა (ორივე – აზია), ინგლისი, საფრანგეთი, შოტლანდია, გერმანია, ირლანდია, პორტუგალია, უელსი (ყველა – ევროპა), ფიჯი, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამოა, ტონგა (ყველა – ოკეანეთი).

ბოლოს ვთქვათ, რომ საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრების მწვრთნელებს ბესიკ ხამაშურიძესა და გია ლაბაძეს რუმინეთში ასეთი შემადგენლობა ჰყავდათ წაყვანილი:

იოსებ გუშარაშვილი, გურამ ქანდაურაშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი, თენგიზ პერანიძე, ოთარ ლაშხი (ყველა – შავი ლომი), ნიკოლოზ რეხვიაშვილი, თემო ჭიჭინაძე (ორივე – ყოჩები), გიორგი კოშაძე (ხარები), ნიკოლოზ გიგაური (ყაზბეგი), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ლადო მიმინოშვილი (არმია), ირაკლი სიმსივე, თემურ კოხოძე (ორივე – აია).

კომენტარები

ბოლო ამბები