Thumbnail
  • დიდი ხანია, იწერება, რომ ბაიერნს ვიქტორ ოსიმენით ინტერესდება
  • ნაპოლის შეფი კრისტიანო ჯუნტოლი გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

რობერტ ლევანდოვსკის ბარსელონაში გადასვლით მიუნხენის ბაიერნის წინა ხაზზე სიცარიელე გაჩნდა. მართალია, რეკორდმაისტერმა ლივერპულიდან სადიო მანე გადაიბირა, მაგრამ ეს უკანასკნელი კლასიკური ცენტრფორვარდი არ არის.

სანამ პოლონელი გოლეადორი მიუნხენურ გრანდს დატოვებდა, გერმანული მედია აქტიურად წერდა, რომ ბაიერნის მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი მომდევნო სეზონში კლასიკური ცხრიანის გარეშე თამაშს გეგმავს, თუმცა ასეც რომ იყოს, ფაქტია, რომ ბავარიელებს მაინც სჭირდებათ ლევანდოვსკის პირდაპირი შემცვლელი, რადგან თუ კლასიკური ცენტრფორვარდის გარეშე თამაში არ გამოუვათ, ალტერნატივა უნდა ჰქონდეთ.

ლევანდოვსკის ტრანსფერის დადასტურებამდეც ვრცელდებოდა ცნობები, რომ ბაიერნს ნაპოლის “ცხრიანის”, ვიკტორ ოსიმენის გადაბირება სურს. გერმანულ მედიაში კვირასაც დაიწერა, რომ ტრანსფერი რეალურია.

ორშაბათს საღამოს, ნაპოლის სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ოსიმენის შესახებ გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნეაპოლელებმა მართლაც მიიღეს ოსიმენზე რამდენიმე შეთავაზება, მაგრამ არა ბაიერნისგან.

“ვიქტორის სახით განსაკუთრებული ცენტრფორვარდი გვყავს. ცხადია, მისით ბევრი ტოპ-კლუბი ინტერესდება. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ მიუნხენიდან - არცერთი.” - აღნიშნა ჯუნტოლიმ და ისიც თქვა, რომ ნაპოლი არც მექსიკელი ირვინგ ლოსანოს გაყიდვას აპირებს.

ვიქტორ ოსიმენი ნაპოლიმ 2020 წელს, ფრანგული ლილიდან 40 მილიონ ევროდ შეიძინა. ნიგერიელს სერია A-ს 51 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი. 23 წლის ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელიას ახალი თანაგუნდელია.  ნეაპოლელები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. პერუჯასთან ტესტ-მატჩში კვარაცხელიამ გოლი სწორედ მისი პასის შემდეგ გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები