Thumbnail

FIFA 23-ის გარეკანზე ქალი ფეხბურთელი პირველად გამოჩნდება

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი

EA Sports-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ FIFA 23-ის გარეკანს კილიან მბაპესთან ერთან ავსტრალიელი ქალი ფეხბურთელი სემ კერი დაამშვენებს. 

დიდი დრო არ არის დარჩენილი იქამდე, სანამ ყველაზე პოპულარული საფეხბურთო სიმულატორის ახალი სერია გამოვა. მის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, რასაც ძალიან ლოგიკური მიზეზი აქვს: EA Sports-სა და FIFA-ს შორის თანამშრომლობა FIFA 23-ით დასრულდება. ამ ორი კომპანიის ურთიერთობა დაახლოებით 30 წლის წინ დაიწყო და ფინანსური შეუთანხმებლობის გამო დასასრულს მიუახლოვდა. 

ფაქტია, რომ ბოლო FIFA ისტორიული გამოშვება იქნება, რომელიც ძალიან დიდ დინასტიას დაასრულებს. გავრცელებული ინფორაციით, EA Sports-მა ახალი თამაშის შექმნაზე მუშაობა უკვე დაიწყო და მას EA Sports FC ერქმევა. აი, რას გადაწყვეტს ფიფა, ჯერ კიდევ უცნობია, ინსაიდერების ვერსიით ფიფასა და 2K-ს კოლაბორაცია ყველაზე ლოგიკური ამბავი იქნება.

ავსტრალიის ნაკრებისა და ჩელსის თავდამსხმელი სემ კერი პირველი ქალი ფეხბურთელი იქნება, რომელიც FIFA-ს გარეკანს დაამშვენებს. იგი ავსტრალიის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი კაპიტანია, ამასთან, კერის ეკუთვნის უნიკალური მიღწევა, რაც სამ სხვადასხვა ლიგაში ოქროს ბუცის მოგებას გულისხმობს. 

რაც შეეხება კილიან მბაპეს, ის უკვე მესამე წელია, რაც ფიფას გარეკანზე საპატიო ადგილს იკავებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 23 წლის ფრანგ შემტევს ერლინგ ჰაალანდი ჩაანაცვლებდა, მაგრამ კომპანიამ ეს ვერსია არ დაადასტურა. მბაპე და კერი ერთად Ultimate Edition-ის გარეკანზე იქნებიან წარმოდგენილი.

FIFA 23-ის სავარაუდო გამოსვლის თარიღად 27 სექტემბერი სახელდება და ის შემდეგ პლატფორმებზე იქნება ხელმისაწვდომი: PC, PlayStation 4, PlayStation 5, Switch, Xbox One და Xbox Series X|S.

კომენტარები

ბოლო ამბები