Thumbnail

ბაზაძე მსოფლიოში მეორეა! ქართველი მოფარიკავის ტოპ-შედეგი რეიტინგში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერი სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი გახდა.

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) მიერ დღეს განახლებულ კლასიფიკაციაში 28 წლის ქართველ მოფარიკავეს 175 ქულა მოუგროვდა და ის მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ არონ სილაგის (უნგრეთი).

ბაზაძემ კარიერის საუკეთესო შედეგი ეგვიპტის ქალაქ ქაიროში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლის წყალობით დააფიქსირა.

სანდრო ბაზაძისა და არონ სილაგის ნახევარფინალური დაპირისპირება

შეგახსენებთ, რომ სანდრომ ტურნირზე 4 გამარჯვება იზეიმა, ნახევარფინალში კი სწორედ ხსენებულ სილაგის გადაეყარა და 3-გზის ოლიმპიურ ჩემპიონთან 11:15 წააგო. მოგვიანებით, სილაგიმ ფინალშიც იმარჯვა, მსოფლიოს ჩემპიონობა პირველად იზეიმა და რეიტინგის სათავეშიც მოექცა.

აქვე ვთქვათ, რომ ივნისში ბაზაძემ უნგრელ ლეგენდას ევროპის პირველობაზე მოუგო და ოქროს მედალი არავის დაუთმო.

ხმლით მოფარიკავეთა რეიტინგის სამეულს სამხრეთკორეელი სანგუკ ოჰი (163) აგვირგვინებს, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ბექა ბაზაძე კი 31 ქულით 39-ე ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები