Thumbnail

შუმახერის ექს-მენეჯერი: 'ამ 9 წლის განმავლობაში მხოლოდ ტყუილი გვესმის'

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფორმულა 1-ის ლეგენდის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დაფარულია
  • პილოტის ყოფილი მენეჯერი ვილი ვებერი მიხაელის ოჯახს აკრიტიკებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია      

ფორმულა 1-ის ლეგენდა მიხაელ შუმახერის შესახებ, რომელმაც 9 წლის წინ, თხილამურებით სრიალის დროს თავის მძიმე ტრავმა მიიღო, მისივე ოჯახის წევრები ინფორმაციას პრაქტიკულად არ ასაჯაროებენ. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები ხელმისაწვდომი არამხოლოდ გულშემატკივრებისთვის, გერმანელი პილოტის ყოფილი მენეჯერისთვისაც კი არ არის. 

წაიკითხე | რა და როგორ მოხდა 2013 წლის 29 დეკემბერს

ამასთან დაკავშირებით შუმახერის ყოფილმა მენეჯერმა ვილი ვებერმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა და მიხაელის ოჯახის მისამართით უკმაყოფილება გამოთქვა. 

"ჩემთვის მტკივნეულია ის, რაც ხდება. ასჯერ ვცადე მიხაელის ცოლთან, კარინასთან დაკავშირება, მაგრამ ის არ მპასუხობს. ვურეკავდი ჟან ტოდტს (FIA-ს ყოფილი პრეზიდენტი, ფორმულა 1-ში ფერარის გუნდის ყოფილი სპორტული დირექტორი) და ვეკითხებოდი, შემეძლო თუ არა მიხაელის მონახულება, როდესაც ის ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფებოდა, მაგრამ ის ჯერ მოცდას მთხოვდა, შემდეგ კი აღარც მპასუხობდა. არ ველოდი ჩემს მიმართ ასეთ დამოკიდებულებას და აქამდე გაბრაზებული ვარ. 

უბრალოდ, თავიდან მომიშორეს სიტყვებით, რომ მიხაელის მონახულება ძალიან ნაადრევი იყო. ახლა ალბათ უკვე ძალიან გვიანიცაა. გავიდა ცხრა წელიწადი და ნუთუ არ მოვიდა დრო, რომ უბრალოდ თქვან, რა ხდება?

თავადაც ყოველთვის ვცდილობდი, გარშემომყოფთა ყურადღებისგან დამეცვა მიხაელის პირადი ცხოვრება, მაგრამ ამ ცხრა წლის განმავლობაში მისი ოჯახისგან მხოლოდ ტყუილი გვესმის… ის ჩემთვის შვილივით იყო და მეც განვიცდი", - ამბობს 80 წლის ვებერი. 

კორინა შუმახერი მეუღლის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს

შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის რეკორდსმენი (7 ტიტული) მიხაელ შუმახერი 2013 წლის 29 დეკემბერს მერიბელში (საფრანგეთი) თხილამურებით სრიალის დროს დაეცა და თავის ქალა-ტვინის უმძიმესი დაზიანებები მიიღო. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ მიხაელი რეაბილიტაციის პროცესშია, მისმა მეუღლემ კი შვეიცარიაში ვილა ფაქტობრივად კლინიკად გადააკეთა. წლებია, შუმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია, ფოტო ან ვიდეოკადრი არ ვრცელდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები