Thumbnail

უეფას კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ჩემპიონი დინამო ბათუმი პოზნანში, პოლონეთის ჩემპიონ ლეხს დაუპირისპირდება.

მატჩამდე პოლონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა პრესკონფერენცია გამართა და ადგილობრივი მედიის შეკითხვებს უპასუხა. მასთან ერთად, პრესკონფერენციაზე ლეხის ქართველი ლეგიონერი ნიკა კვეკვესკირი იყო.

ჯონ ვან დენ ბრომი (ლეხის მთავარი მწვრთნელი):

...დინამო ბათუმთან მატჩზე: "ზედიზედ სამი წაგება გუნდზე ფსიქოლოგიურად აისახება. ჩვენს მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია 3-4 დღეში ერთხელ თამაშმაც. რთული მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ, დინამო ბათუმმა სლოვანთან დრამატულად წააგო და სწორედ დინამოს მსგავსი მეტოქის წინააღმდეგ უნდა ვაჩვენოთ ხარისხი. თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ. გვინდა, გავიმარჯვოთ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ."

...საკუთარ გუნდის შესახებ: "სტალთან წაგების შემდეგ რამდენიმე ვარიანტი გვქონდა: შეგვეძლო დასვენება, მოთამაშეებთან საუბარი ან თამაშის ანალიზი. თუმცა, უნდა შევწყვიტოთ ფიქრი იმაზე, რაც იყო და მომავალზე უნდა ვიფიქროთ. პოლონეთის ჩემპიონატის მომდევნო მატჩი გადავდეთ, რათა მეტი დრო გვქონდეს საპასუხო შეხვედრისთვის მოსამზადებლად. ფეხბურთელებს შეუძლიათ, რეაგირება მოახდინონ ზედიზედ სამ წაგებაზე და თავიანთი უნარები აჩვენონ. ამ ფეხბურთელებს აქვთ ხარისხი, შეუძლიათ თამაში, უბრალოდ ეს ხვალ მოედანზე უნდა აჩვენონ."

...ტრავმირებულ ფეხბურთელებზე: "რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმა აქვს და მათ რიგებს დღეს ვარჯიშზე ალან ჩერვინსკი შეუერთდა. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა რესურსი გვაქვს და არა ტრავმირებულ ფეხბურთელებზე. უნდა ვიფიქროთ ფეხბურთელებზე, რომლებიც ხვალ ითამაშებენ და რეალობას უნდა შევეგუოთ. შაბათს მაქსიმილიან პინგოტმა ძალიან კარგად ითამაშა და ხვალ ძირითადში იქნება. ეს კარგი ამბავია მისთვის და ჩვენი აკადემიისთვის. მიუხედავად ტრავმებისა, ჯერ კიდევ მაქვს საკმარისი ვარიანტები."

...დინამო ბათუმზე: შეიძლება ითქვას, რომ ამ მატჩში "დაჭრილი" ლეხი და დინამო ბათუმი ხვდებიან. ორივეს ერთი მიზანი აქვს - გამარჯვება. წინა მატჩებზე აღარ ვფიქრობ და მხოლოდ მომავალ თამაშს ველოდები. დინამო ბათუმი წლებია ერთი და იგივე სისტემით თამაშობს, კარგი მარცხენა ფლანგი ჰყავს და ამ გუნდს ბევრი ჩვენნაირი თვისება აქვს, მაღალი ხარისხის მოთამაშეებიც ჰყავს. კარგი გუნდია, რომლის წინააღმდეგ მხოლოდ ხარისხიანი ფეხბურთით უნდა ვითამაშოთ."

ნიკა კვეკვესკირი (ლეხის ფეხბურთელი):

...დინამო ბათუმის შესახებ: "ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს და უფრო მაღალი ხარისხის, მაგრამ ეს მხოლოდ ქაღალდზე. დინამო ბათუმისა და სლოვანის მატჩს ვუყურე, ბათუმელები გამარჯვებას იმსახურებდნენ. დინამომ ძალიან კარგად ითამაშა და არ გაუმართლა. დინამო ბათუმს თავისი სტილი აქვს, ამიტომაც, თუ წარმატების მიღწევა გვინდა, ასეთ გუნდთან ყველაფერი უნდა ვაჩვენოთ და გავიღოთ, რაც გვაქვს."

...ქართულ ფეხბურთზე: "ქართული ფეხბურთი სწორ გზაზეა, ეროვნულ ნაკრებს ძალიან დადებითი სერია აქვს. სამწუხაროა, რომ ხვალ ქართველების წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ. რთული მატჩი იქნება. ცხადია, დინამო ბათუმს ამჯერად წარმატებას ვერ ვუსურვებ და ვიმედოვნებ, რომ ხვალ ქართული ფეხბურთისთვის კარგი დღე არ იქნება, რადგან გამარჯვება გვინდა (იცინის). დინამო ბათუმი არის გუნდი, რომელსაც დიდი ხანია ერთი მწვრთნელი ჰყავს და მიჰყვება ერთ კონკრეტულ თამაშის ხედვასა და ტაქტიკას. ექსტრაკლასა უფრო მაღალი დონის ჩემპიონატია, ვიდრე საქართველოს პირველობა."

შეგახსენებთ, რომ ლეხისა და დინამო ბათუმის მატჩი 21 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება. ეს გუნდები ზამთარში თურქეთში ამხანაგურ მატჩში შეხვდნენ და მაშინ ქართველებმა 2:1 მოიგეს. დინამო ბათუმი კონფერენსლიგაზე სლოვანთან მარცხით გადაერთო, ხოლო ლეხმა აზერბაიჯანულ ყარაბაღთან წააგო და საერთოდაც, პოლონეთის ჩემპიონს ბოლო 3 მატჩი წაგებული აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები