Thumbnail

'მე უფრო მომცემენ უაილდ ქარდს, ვიდრე მას ათამაშებენ' - ივანიშევიჩი ჯოკოვიჩზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გორან ივანიშევიჩმა ნოვაკ ჯოკოვიჩის US Open-ზე გამოსვლა გამორიცხა
  • მიზეზი ძველია: სერბი ვარსკვლავი კოვიდ-აცრის გაკეთებას ისევ უარობს

ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელმა გორან ივანიშევიჩმა სერბი ჩოგბურთელის აშშ-ს ღია პირველობაზე გამოსვლის შანსები შეაფასა და მისი კომენტარიდან უნდა დავასკვნათ, რომ ნოლეს ნიუ იორკში ასპარეზობა, ფაქტობრივად გამორიცხულია.

“ახლა, ასეთი სიტუაცია გვაქვს: უფრო დიდი შანსია, მე მომცენ უმაგში ვაილდ-ქარდი და ის ტურნირი მოვიგო, ვიდრე – ნოვაკი აშშ-ს ღია პირველობაზე დაუშვან. აშშ დაკეტილია აუცრელი ადამიანებისთვის, ამდენად, ჯოკოვიჩს იქ უბრალოდ არ შეუშვებენ. არადა, თავად დიდი სლემის ტურნირის ორგანიზატორებთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს”.

საინტერესოა, რომ სერბი ვარსკვლავი მოხვდა ცინცინატის მასტერსის (სტარტს 14 აგვისტოს აიღებს) განაცხადში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, თუმცა, იქ უბრალოდ რეიტინგის 41-ვე მოწინავე ჩოგბურთელი შეიყვანეს და ეს სია აუცილებლად გადახალისდება. ცხადია, თუკი არაფერი შეიცვალა, ნოვაკი ვერც აღნიშნულ ტურნირზე იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩი იმ იშვიათ ჩოგბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც კოვიდის საწინააღმდეგო აცრა არ გაუკეთებიათ. აღნიშნულის გამო, ნოლე ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა, როდესაც წლის დასაწყისში მელბურნიდან გააბრუნეს და ავსტრალიის ღია პირველობის მიღმა დარჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები