Thumbnail

'დუმილი კლავს' - გიორგი ზანთარაია ბოიკოტის მხარდაჭერას ითხოვს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ტიტულოვანი უკრაინელი ძიუდოისტი გიორგი ზანთარაია, რომელიც გალშია დაბადებული, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ბოიკოტის მხარდაჭერის მოწოდებით გამოდის. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და იქ ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღების შემდეგ, რუს სპორტსმენებს საერთაშორისო სარბიელზე გამოსვლა, სპორტის ლამის ყველა სახეობაში ეკრძალებათ. ერთ-ერთი გამონაკლისი ძიუდოა, სადაც აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებს საერთაშორისო ტურნირებში ნეიტრალური სტატუსით გამოსვლა ამ დრომდე შეუძლიათ. ამის გამო უკრაინის ძიუდოს ფედერციამ უარი თქვა ყველა იმ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე, რომლებიც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ტარდება. უკრაინელები ბოიკოტის გაგრძელებას იქამდე აპირებენ, სანამ IJF-ის შეჯიბრებებიდან რუსეთისა და ბელარუსის ფედერაციებს და სპორტსემენებს, ნებისმიერი სტატუსით არ ჩამოაშორებენ. 

ულანბატორის გრანდ სლემზე რუსმა ინალ ტასოევმა (+100) IJF-ის სახელით იასპარეზა და ოქროც მოიპოვა

"ომის გამო, რომელიც რუსეთმა ბელარუსის მხარდაჭერით დაიწყო, უკრაინის დარბაზებში სიჩუმეა გამეფებული. ჩუმად არიან რუსი და ბელარუსი ძიუდოისტებიც. მათ აირჩიეს პოზიცია "სპორტი პოლიტიკის გარეშე". ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია აგრძელებს ამ სპორტსმენების შეჯიბრებებზე დაშვებას - ნეიტრალური სტატუსით. ნეიტრალიტეტის პოზიცია ეს პირდაპირი მხარდაჭერაა უკრაინაში ომისა და უკრაინელების მკვლელობის.

ვნახეთ ცხედრები, განადგურებული ტექნიკა, დანგრეული სახლები და სპორტული კომპლექსები. რუს და ბელარუს სპორტსმენებს მკაფიო პოზიცია რომ აერჩიათ, ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენდით. 

ამის გამო, მოგიწოდებთ ყველას, მხარი დაუჭიროთ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების, ნაკრებებისა და გუნდების ბოიკოტს იქამდე, სანამ უკრაინაში ომი გრძელდება. მხარი დაუჭირეთ უკრაინას სპორტულ ფრონტზე, ჩაწერეთ ვიდეო ამასთან დაკავშირებით, ისაუბრეთ ჩვენს მიწა-წყალზე მხეცობის ნებისმიერი გზით შეჩერების აუცილებლობაზე! გახსოვდეთ: დუმილი კლავს. მოდით, ერთად დავაჩქაროთ გამარჯვების დღის დადგომა", - ნათქვამია გიორგი ზანთარაიას მიმართვაში. 

34 წლის გიორგი ზანთარაია, რომელიც უკრაინის ოლიმპიურმა კომიტეტმა ქვეყნის წლის საუკეთესო სპორტსმენად ორჯერ დაასახელა (2009 და 2011 წლებში), მსოფლიოს და ევროპის (3-გზის) ჩემპიონატების გამარჯვებული და პრიზიორია, ასევე არის ოლიმპიური თამაშების მონაწილე. ცოტა ხნის წინ ზანთარაიამ IJF-ს წერილი მისწერა, სადაც აღნიშნა, რომ რუსი ძიუდოისტებისთვის სანქციების შემსუბუქების გამო, ყველა ტიტულზე უარს ამბობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები