Thumbnail

'ინვესტორებთან მოლაპარაკების პროცესში ვარ' - რომან ფიფია დინამო თბილისს ყიდის

  • დინამო თბილისის პრეზიდენტმა კლუბის გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო
  • ფიფიას თქმით, ამჟამად ინვეტორებთან მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს 
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

დინამო თბილისის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ კლუბის გასხვისება გადაწყვიტა. ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ფიფიას განცხადება, რომელსაც უცვლელად გთვაზობთ: 

"მოგესალმებით, დინამო თბილისის გასხვისების შესახებ ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ დავფიქრებულვარ და ამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვარ. ეს კლუბი, მისი შეძენის პირველივე წუთიდან ჩემთვის ძვირფასი და მთავარი ზრუნვის ობიექტია, სწორედ დინამო თბილისის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება კლუბის განვითარებისთვის აუცილებელია.
 
გულშემატკივრის, მედიის, ვეტერანი ფეხბურთელებისა თუ სხვა ჯგუფების მხრიდან დინამო თბილისის მიმართ ინტერესიც, სიყვარულიც, კრიტიკაც და მოლოდინიც ყოველთვის განსაკუთრებულია, დღევანდელი მოცემულობით კი იმ მიზნების მისაღწევად, რაც დინამო თბილისს, მის ისტორიას და გულშემატკივარს შეეფერება, ამ ეტაპზე, ჩემი პირადი ფინანსური რესურსი კლუბის სამართავად არასაკმარისად მიმაჩნია.
 
მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებებისა, რომელიც დინამო თბილისის გულშემატკივარმა სხვადასხვა პერიოდში იგემა, პირადი ინტერესი კლუბის ინტერესზე წინ არასდროს დამიყენებია და ვფიქრობ ეს ნაბიჯიც ამ სიტყვების კიდევ ერთი დასტურია.
 
ამჟამად მოლაპარაკების პროცესში ვარ ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დინამო თბილისის შეძენით ან კლუბში შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებით. ამასთანავე, მინდა ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილების შესახებ გამცნოთ - გასხვისების პარალელურად მზად ვარ განვიხილო დინამო თბილისის სააქციო საზოგადოების ფორმით მართვა, სადაც კლუბის აქტივების მფლობელები იქნებიან დაინტერესებული ადამიანები სხვადასხვა ბიზნეს თუ სოციალური წრეებიდან, განსაკუთრებული მნიშვნელობა კი თბილისელების ჩართულობას ექნება, ვინაიდან დინამო თბილისი იყო, არის და იქნება დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო და მისი თილისმა.
 
დეტალურად, ამ გადაწყვეტილებისა და სხვა საკითხების შესახებ, გულშემატკივარი და ყველა დაინტერესებული მხარე, დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიიღებს".

ფიფიას ხელში დინამომ 5-ჯერ საქართველოს ჩემპიონატი, 4-ჯერ თასი და 3-ჯერ სუპერთასი მოიგო
📸 | დინამო თბილისი

ბიზნესმენმა რომან ფიფიამ, რომელიც საქართველოში დაბრუნებამდე მრავალი წელი რუსეთში მოღვაწეობდა, ქართული კლუბი 2011 წლის იანვარში შეიძინა და რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა; ფიფიამ თითქმის 11-წლიანი მმართველობისას, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დინამო არენასა და დიღმის საწვრთნელ ბაზას, ასევე, ფუნქციონირება დაიწყო ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიამ.

კომენტარები

ბოლო ამბები