Thumbnail
  • ნაპოლი დაცვისა და თავდასხმის რგოლებს გააძლიერებს
  • კიმ მინ-ჯე და ჯოვანი სიმეონე ნეაპოლელებთან ახლოს არიან
  • სპალეტის გუნდი 23 ივლისიდან შეკრების მე-2 ნაწილს დაიწყებს

ნაპოლი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს და ორი ფეხბურთელის ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

იტალიური მედიის ცნობით, კალიდუ კულიბალის, რომელიც ლონდონის ჩელსიში გადავიდა, სტამბოლის ფენერბაჰჩეს მცველი კიმ მინ-ჯე შეცვლის. სამხრეთკორეელი ფეხბურთელის ტრანსფერი შეთანხმებულია და მას იტალიაში სამედიცინო შემოწმებაზე შაბათს ან კვირას ელოდებიან.

ფენერბაჰჩე 20 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო 25 წლის მცველი ნეაპოლელებთან კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, მისი გამოსასყიდი ფასი კი 40 მილიონით განისაზღვრება. კიმმა გასულ სეზონში თურქულ კლუბში 40-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. მანამდე ის ჩონბუკისა და ბეიჯინგ გუოანის რიგებში ირჯებოდა.

სამხრეთ კორეის ნაკრების მცველი ნაპოლიში ითამაშებს

ნაპოლი ასევე ძალიან ახლოსაა დიეგო სიმეონეს შვილის, ჯოვანი სიმეონეს ტრანსფერთან. არგენტინელმა ფეხბურთელმა უკვე განაცხადა თანხმობა და ნაპოლი სევილიას ამჯობინა. ახლა ნეაპოლელებმა ვერონასთან ტრანსფერის ბოლო დეტალები უნდა მოაგვარონ.

"ჩოლიტო" "აძურის" იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდება, რომლის ფასი 16-17 მილიონი ევრო იქნება. 27 წლის სიმეონე, რომელმაც გასულ სეზონში სერია A-ში 17 გოლი გაიტანა, ანდრეა პეტანიას შეცვლის, რომელიც ნაპოლის დატოვებს და კარიერას მონცაში გააგრძელებს. სიმეონეს თავის დროზე რივერ პლეიტში, ბანფილდში, ჯენოაში, ფიორენტინასა და კალიარიშიც აქვს ნათამაშები.

სიმეონეს კარიერაში გასული სეზონი საუკეთესო იყო

შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ რამდენიმე დღის წინ ნორვეგიელი მცველი ლეო ოსტიგარი დაიმატა, ხოლო მანამდე ხეტაფედან მატიას ოლივერა და დინამო ბათუმიდან ხვიჩა კვარაცხელია შეიძინა.

აქვე გეტყვით, რომ ნაპოლიმ სეზონისწინა მოსამზადებელი პირველი ეტაპი დიმაროში დაასრულა და ფეხბურთელებს 3-დღიანი შვებულება ჰქონდათ. 23 ივლისიდან კი ნაპოლი კასტელ დი სანგროში მოემზადება, სადაც 6 აგვისტომდე დარჩება და იქ სამ ტესტ-მატჩსაც ჩაატარებს ადანა დემირსპორის (27 ივლისი), მალიორკასა (31 ივლისი) და ჟირონას (3 აგვისტო) წინააღმდეგ, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 14 აგვისტოს ჰელას ვერონას სტუმრად დაუპირისპირდება.

კვარა პირველ შეკრებაზე ნაპოლის საუკეთესო მოთამაშე იყო

ხვიჩა კვარაცხელიამ დიმაროს შეკრებაზე ორ ამხანაგურ მატჩში (45-45 წუთი ითამაშა), 3 გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. სხვადასხვა ნეაპოლურმა გამოცემებმა პრესეზონის პირველ ეტაპზე ნაპოლის ფეხბურთელებიდან ყველაზე მაღალი შეფასება სწორედ 21 წლის ქართველ შემტევ ნახევარმცველს დაუწერეს.

კომენტარები

ბოლო ამბები