Thumbnail

ბოსნია/ჰერცეგოვინის საკალათბურთო ნაკრებმა შესაძლოა, უარი თქვას მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ევრობასკეტზე თამაშზე, მიზეზი უფულობაა. 

ბოსნიის კალათბურთის ფედერაცია ვერ აუდის მიმდინარე ხარჯებს, ამიტომაც ნაკრების მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე სათუოა. ბოსნიის ნაკრები 2015 წლის შემდეგ პირველად გავიდა ევრობასკეტზე. ფედერაციაში აცხადებენ, რომ სპონსორების წყალობით, მზადებისთვის საჭირო თანხის ნაწილი მოგროვდა, მაგრამ ეს არასაკმარისია. 

"ჩვენ ძალიან ბევრ კარზე დავაკაკუნეთ და შველა ვითხოვეთ, მაგრამ ძირითადად უარი მივიღეთ. ხშირად, უბრალოდ, გვაიგნორებენ. ეს განსაკუთრებით სახელმწიფო ინსტიტუტებს ეხება", - აცხადებენ ფედერაციაში - "ვერაფრით ვხსნით, რატომ აფინანსებენ კერძო კლუბებს და არა ეროვნულ ნაკრებებს, განსაკუთრებით კალათბურთში. ჩვენმა გუნდმა ხომ ბევრჯერ გაახარა ბოსნიელი ხალხი". 

რამდენიმე დღის წინათ, ნაკრებმა ევრობასკეტისთვის გაფართოებული შემადგენლობა გამოაცხადა, რომელშიც არიან პორტლენდის ცენტრი იუსუფ ნურკიჩი და რეალის ფორვარდი ჯანან მუსა. 

ევრობასკეტის დასრულებამდე 40 დღით ადრე არ არსებობს მექანიზმი, რომლის თანახმადაც ბოსნიის ნაკრები ტურნირიდან მოხსნას მოითხოვს, ბოსნიაში იმედს არ კარგავენ, რომ ფინალურ ეტაპზე მონაწილეობისთვის საჭირო თანხებს შეაგროვებენ.

ბოსნიის ნაკრები ევრობასკეტზე B ჯგუფშია, რომელიც კიოლნში თამაშობს, მისი მეტოქეები საფრანგეთი, ლიეტუვა, სლოვენია, გერმანია და უნგრეთი არიან. მსოფლიოს თასის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ბოსნია K ჯგუფშია 3-3 ბალანსით. ჯგუფში მეტოქეებად კი საფრანგეთი, ლიეტუვა, მონტენეგრო, ჩეხეთი და უნგრეთი ჰყავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები