Thumbnail
  • რეალი 0:1 ბარსელონა | გოლი: 0:1 რაფინია (27)
  • ბარსელონაში რობერტ ლევანდოვსკის დებიუტი შედგა
  • ანჩელოტიმ რიუდიგერი მარცხენა მცველად გამოცადა
  • მოუსმინე: მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ესეც პირველი თამაში ბარსელონას შემადგენლობაში და პირველი გამარჯვებაც: ტესტ-მატჩში დებიუტი არაოფიციალურია, მაგრამ როცა ბარსა რეალს ხვდება, ეს ნებისმიერ ამხანაგურ მატჩზე მნიშვნელოვანი ამბავია - რობერტ ლევანდოვსკი ძირითად შემადგენლობაში იყო, კარგადაც ითამაშა, მაგრამ ამხანაგური კლასიკოს ბედი კატალონიური გრანდის სხვა ახალწვეულმა გადაწყვიტა.

ლოს ანჯელესი გამართული “ელ კლასიკო” ძალიან საინტერესო და ინტენსიური გამოვიდა. 61 299 მაყურებლის თვალწინ ბარსელონამ და რეალმა ისე იბრძოლეს, როგორც ერთმანეთის წინააღმდეგ სჩვევიათ.

საინტერესოა, რომ რეალის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ახალწვეული გერმანელი ანტონიო რიუდიგერი მარცხენა მცველის (!) პოზიციაზე გამოცადა. სასტარტოში იყო ახალგაზრდა ფრანგი ახალწვეილი ჩუამენიც. ბარსას ძირითადში კი სამი ახალი ფეხბურთელი ვიხილეთ: კრისტენსენი ცენტრალურ მცველად, რაფინია მარჯვენა გარემარბად და ლევანდოვსკი - რა თქმა უნდა, თავდასხმის ცენტრში.

ალაბა და ლევანდოვსკი - ყოფილი თანაგუნდელები ბაიერნში

მიუხედავად მოსამზადებელი პერიოდის ადრეული სტადიისა, თამაში დაძაბული, ინტენსიური და ხარისხიანი გამოვიდა. პირველი რეალური მომენტი ლევანდოვსკის ჰქონდა, რომელსაც კურტუამ აუღო, მერე კი ვალვერდეს მაგარი დარტყმის შემდეგ ბურთი ბარსას კარის ძელს მოხვდა. 

მატჩის ერთადერთი, “ოქროს გოლი” 27-ე წუთზე გავიდა: ედერ მილიტაოს შეცდომის შემდეგ ბურთი რაფინიას მიუვიდა, ლიდსიდან შეძელმა გარემარბმა კი ნახევრად მემარჯვენე პოზიციიდან უძლიერესი და ლამაზი დარტყმით კურტუას შანსი არ დაუტოვა. ბრაზილიელს კატალონიაში უკვე ძალიან აქებენ.

ლევანდოვსკის “სამუშაო დღე” 45 წუთის შემდეგ დასრულდა - ბარსას პოლონელმა ახალწვეულმა სადებიუტო მატჩში სადებიუტო გოლი ვერ გაიტანა. მის ნაცვლად თამაშში პიერ-ემერიკ ობამეიანგი ჩაერთო. საერთოდაც, მეორე ტაიმში გუნდებმა ბევრი ცვლილება გააკეთეს და თამაშის ხარისხიც დაეცა. 

რეალიდან საუკეთესო შთამბეჭდილება მეკარე კურტუამ დატოვა, რომელმაც მადრიდული გრანდის უფრო დიდი სხვაობით მარცხი არ დაუშვა - დემბელეს და დეპაის მაგარი ბურთები აუღო.

“ჩემი აზრით, ძალიან კარგად ითამაშა, - თქვა მატჩის შემდეგ ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ ლევანდოვსკიზე, - ის მსოფლიო ვარსკვლავია. რობერტს მთელი ცხოვრება გოლები გაჰქონდა და ამას ჩვენთანაც გააკეთებს. ყველა ახალწვეულმა ხარისხი მოგვიმატა, ბარსელონა უკეთესი გუნდია და მეც უკეთესი მწვრთნელი ვარ.”

კითხვაზე, არის თუ არა დარწმუნებული, რომ ბარსელონა ახალწვეულების ლა ლიგაში დარეგისტრირებას შეძლებს, ჩავიმ ასე უპასუხა: “ამ დროისთვის ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. მაგრად ვიმუშავეთ, რომ კონკურენტული გუნდი გვყოლოდა.”

რეალი 0:1 ბარსელონა

გოლი: 0:1 რაფინია (27)

რეალი (4-3-3): კურტუა - ვასკესი (71. ოდრიოსოლა), ედერ მილიტაო (62. ვალეხო), ალაბა (46. ნაჩო), რიუდიგერი (46. ფ. მენდი) - ვალვერდე (46. მოდრიჩი), ჩუამენი (46. კროოსი), კამავინგა (46. კაზემირო) - როდრიგო (70. სებალიოსი), აზარი (46. ასენსიო), ვინისიუსი (70. მარიანო).

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი (62. ინაკი პენა) - არაუხო (62. დესტი), კრისტენსენი (46. დე იონგი), გარსია (62. პიკე), ალბა (46. ალექს ბალდე) - გავი (46. კესიე), ბუსკეტსი (62. ნიკო გონსალესი), პედრი (62. სერხი რობერტო) - რაფინია (62. დეპაი), ლევანდოვსკი (46. ობამეიანგი), ანსუ ფატი (46. დემბელე).

კომენტარები

ბოლო ამბები