Thumbnail
  • ლუჩანო სპალეტის გადაწყვეტილებით, პენალტებს ხვიჩა კვარაცხელია შეასრულებს
  • ინფორმაცია იტალიელმა ჟურნალისტმა გაავრცელა
  • ნაპოლიში აქამდე პენალტებს ლორენცო ინსინიე ურტყამდა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ლუჩანო სპალეტიმ გადაწყვეტილება მიიღო: ახალ სეზონში ნაპოლიში პენალტებს ხვიჩა კვარაცხელია შეასრულებს. ეს ინფორმაცია გაზეთ Il Roma-ს ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ Tele A-სთან ინტერვიუში გაავრცელა.

როგორც მან აღნიშნა, სპალეტის 21 წლის ქართველი ფეხბურთელის ძალიან ეიმედება, მის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება და ლორენცო ინსინიეს წასვლის შემდეგ გუნდის პენალტისტიც ხვიჩა იქნება.

"ხვიჩა კვარაცხელია ძალიან საინტერესო პროფილის ფეხბურთელია, რომელმაც დიმაროს შეკრებაზევე წარმოაჩინა თავისი უდავო თვისებები. ლუჩანო სპალეტიც მასზე დიდ ფსონს დებს. როგორც მე ვიცი, ნაპოლის ახალი პენალტისტი სწორედ კვარაცხელია იქნება. შესაბამისად, ქართველი გარემარბი დაიკავებს ლორენცო ინსინიეს ადგილს, რომელიც ნაპოლიში აქამდე ასრულებდა პენალტებს. გადაწყვეტილება თავად "აძურის" მთავარმა მწვრთნელმა სპალეტიმ მიიღო", - აღნიშნა სკოტომ.

სპალეტის ქართველი ფეხბურთელის შესაძლებლობების სჯერა

ამის შემდეგ ნეაპოლელმა ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ სკოტოს გააწყვეტინა და რეპლიკით უპასუხა: "თუმცა, მე არ გამოვრიცხავ კიდევ ერთ ვარიანტს - ვიქტორ ოსიმენს". ამაზე სკოტომ გადაჭრით უპასუხა: "გადაწყვეტილება მიღებულია, მომდევნო პენალტისტი კვარაცხელია იქნება".

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მეორე დღეა კასტელ დი სანგროში ემზადება, სადაც 6 აგვისტომდე დარჩება და ოთხ ტესტ-მატჩსაც ჩაატარებს. უახლოესი შეხვედრა ნეაპოლელებს 27 ივლისს, თურქულ ადანა დემირსპორთან ელოდებათ. ნაპოლი სერია A-ს პირველ ტურში 15 აგვისტოს ჰელას ვერონას ესტუმრება.

🔥Spalletti ha deciso: Kvaratskhelia sarà il nuovo rigorista del Napoli!🇬🇪 ⚽️Il Georgiano sarà il primo designato per...

Posted by SSCNapoli24h on Sunday, July 24, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები