Thumbnail
  • მაქს ფერსტაპენმა უმთავრეს კონკურენტთან უპირატესობა გაზარდა
  • პოდიუმზე მერსედესის ორივე პილოტი ავიდა, საინსი კი დღის მბროლელი გახდა

ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის მე-12 გრან პრი, რომელიც საფრანგეთში გაიმართა, მაქს ფერსტაპენის ტრიუმფით დასრულდა. რედ ბულის ნიდერლანდელმა პილოტმა შესანიშნავი რბოლა ჩაატარა და კითხვის ნიშნების გარეშე იმარჯვა.

მაქსმა კარიერაში 27-ე რბოლა მოიგო. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის გრან პრი ლიდერის პოზიციიდან შარლ ლეკლერმა დაიწყო, მაგრამ მიმდინარე სეზონში უკვე მივეჩვიეთ ფერარისა და მონაკოელი პილოტის უიღბლობებსა და ფიასკოებს. ლეკლერი სტარტიდან მე-18 წრემდე დამაჯერებლად ინარჩუნებდა ლიდერობას, მაგრამ მოულოდნელად მანქანაზე კონტროლი დაკარგა, გზიდან გადავიდა და ჯებირს შეასკდა.

მიუხედავად იმისა, რომ პილოტი და ბოლიდი სერიოზულად არ დაზიანებულან, შარლმა რბოლის გაგრძელება ვერ შეძლო. შესაბამისად, რბოლაში, რომელშიც მაქსიმალური ქულების მოპოვების დიდი შანსი ჰქონდა, უქულოდ დარჩა, რაც ცხადია, მორიგი იმედგაცრუებაა.

მაქსმა კარიერაში 27-ე რბოლა მოიგო

ამით იდეალურად ისარგებლა ფერტსაპენმა, რომელიც ლეკლერს ტრასაზე კვალში ედგა, მისი გამოთიშვის შემდეგ კი გალიდერდა და რბოლის ბოლომდე პირველი ადგილი ისე შეინარჩუნა, რომ საფრთხე არ დამუქრებია.

შესანიშნავი რბოლა ჰქონდა მერსედესს, რომელიც პოდიუმზე ორი პილოტით ავიდა. ლეგენდარულმა ლუის ჰემილტონმა გრან პრი მეორე ადგილზე დაასრულა და პოდიუმზე - ზედიზედ მესამედ, კარიერაში კი 187-ედ ავიდა, ხოლო მე-3 პოზიცია მის თანაგუნდელ ჯორჯ რასელს ერგო. რასელმა რბოლის დასრულებამდე 4 წრით ადრე გადაასწრო რედ ბულის წევრ სერხიო პერესს, რომელიც თავის მხრივ მე-4 ადგილს დასჯერდა.

ცალკე უნდა ითქვას კარლოს საინსზე, რომელმაც რბოლა ბოლო პოზიციიდან დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ მე-5 ადგილზე გავიდა და სავსებით სამართლიანად დღის მბროლელის წოდებაც მიიღო. აღსანიშნავია, რომ საინსი მე-3 ადგილზეც იყო, მაგრამ რბოლის დასრულებამდე საბურავების პრობლემის გამო ბოქსებში შესვლა მოუწია, რის გამოც პოდიუმზე ასვლა ვეღარ შეძლო.

საფრანგეთის გრან პრი

1. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული)
2. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) +10.587
3. ჯორჯ რასელი (მერსედესი) +16.495
4. სერხიო პერესი (რედ ბული) +17.310
5. კარლოს საინსი (ფერარი) +28.872
6. ფერნანდო ალონსო (რენო) +42.879
7. ლანდო ნორისი (მაკლარენი) +52.026
8. ესტებან ოკონი (რენო) +56.959
9. დანილ რიკიარდო (მაკლარენი) +60.372
10. ლანსი სტროლი (ასტონ მარტინი) +62.549

ამრიგად, ფერსტაპენმა საერთო ჩათვლაში ლეკლერთან უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და ლიდერის პოზიციაზე მყარად დამკვიდრდა. ამასთან, ფერარის მონეგასკ პილოტს ძალიან მიუახლოვდა სერხიო პერესი:

1. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) – 233 ქულა
2. შარლ ლეკლერი (ფერარი) – 170
3. სერხიო პერესი (რედ ბული) – 163
4. კარლოს საინსი (ფერარი) – 144
5. ჯორჯ რასელი (მერსედესი) – 143
6. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) – 127
7. ლანდო ნორისი (მაკლარენი) – 70
8. ესტებან ოკონი (რენო) – 56
9. ვალტერი ბოტასი (ალფა რომეო) – 46
10. ფერნანდო ალონსო (რენო) – 37

კონსტრუქტორთა თასისთვის ბრძოლაშიც რედ ბულმა ფერარისთან პოზიცია მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა, იტალიურ საჯინიბოს კი კიდევ უფრო მიუახლოვდა მერსედესი:

1. რედ ბული - 396 ქულა
2. ფერარი - 314
3. მერსედესი - 270
4. რენო - 93
5. მაკლარენი - 89

ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის მორიგი, მე-13 რბოლა 31 ივლისს, უნგრეთში, ჰუნგარორინგზე გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები