Thumbnail

ნაპოლიმ პრესეზონის მეორე ეტაპი დაიწყო და დიმაროდან კასტელ დი სანგროში გადაინაცვლა, სადაც მეორე დღეა ღია ვარჯიშებს ატარებს. მასზე დასწრება გულშემაკიტვრებსაც შეუძლიათ.

საღამოს სესიაზე მცირე ინციდენტი მოხდა და ლუჩანო სპალეტიმ ვიქტორ ოსიმენი საწვრთნელი პროცესიდან გააძევა. ორმხრივი თამაში მიმდინარეობდა, როდესაც ოსიმენის თანაგუნდელ ლეო ოსტიგარს ზამბო ანგისამ ბურთი წაართვა და კონტრშეტევა ელიფ ელმასის გოლით დასრულდა. ნიგერიელმა თავდამსხმელმა ოსტიგარზე ჯარიმის დაფიქსირება აქტიურად მოითხოვა, რასაც ანგისასთან სიტყვიერი კამათი მოჰყვა. ნიგერიელი ფორვარდი არ დაშოშმინდა, რის შედეგადაც სპალეტიმ გადაწყვეტილება მიიღო და ვარჯიში დაატოვებინა: "ძალიან ბევრს ლაპარაკობ, საშხაპეში წადი!", - უთხრა იტალიელმა სპეციალისტმა ოსიმენს.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველი ორმხრივი თამაშის დროს "ყვითლების გუნდში" თამაშობდა (ოსიმენის და ოსტიგარიც იქ იყვნენ) და გოლიც გაიტანა, როცა ახლო მანძილიდან დალაშქრა კარი. მან ორჯერ მეკარესთან პირისპირ ძალიან მაგარი პასებით სწორედ ოსიმენი გაიყვანა, მაგრამ თანაგუნდელმა ჯერ კარს ააცილა და მერე მეკარეს ვერ აჯობა.


ვთქვათ ისიც, რომ საწვრთნელი პროცესის ბოლოსკენ ხვიჩას მცირე პრობლემები შეექმნა, დაახლოებით 2 წუთი გადაადგილება უჭირდა და სავარაუდოდ, სუნთქვის პრობლემა შეექმნა, მასთან ექიმები იყვნენ, მაგრამ სიტუაციაში აქტიურად არ ჩარეულან. მერე კი ხვიჩა წამოდგა და ვარჯიში გააგრძელა, უფრო კონკრეტულად კარში დარტყმებზე ვარჯიშში თანაგუნდელებს შეუერთდა. საგანგაშო ნამდვილად არაფერია, ყოველ შემთხვევაში ნეაპოლური გამოცემები თუნდაც მიკროდაზიანების შესახებ ცნობებს არ ავრცელებენ და ხვალიდან ხვიჩა ვარჯიშს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

ნაპოლის სეზონისწინა მოსამზადებელი პირველი ეტაპი დიმაროში ჰქონდა, შემდეგ ფეხბურთელებს 3-დღიანი შვებულება მიეცათ, 23 ივლისიდან კი ნაპოლი კასტელ დი სანგროში ემზადება, სადაც 6 აგვისტომდე დარჩება და იქ სამ ტესტ-მატჩსაც ჩაატარებს. ხვიჩას გუნდი ადანა დემირსპორის (27 ივლისი), მალიორკასა (31 ივლისი) და ჟირონას (3 აგვისტო) დაუპირისპირდება, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 15 აგვისტოს ჰელას ვერონას ესტუმრება.

ხვიჩა კვარაცხელიამ დიმაროს შეკრებაზე ორ ამხანაგურ მატჩში (45-45 წუთი ითამაშა) 3 გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. სხვადასხვა ნეაპოლურმა გამოცემებმა პრესეზონის პირველ ეტაპზე ნაპოლის ფეხბურთელებიდან ყველაზე მაღალი შეფასება სწორედ 21 წლის ქართველ შემტევ ნახევარმცველს დაუწერეს.

კომენტარები

ბოლო ამბები