- რომაში პაულო დიბალას პრეზენტაცია გაიმართა
- 28 წლის არგენტინელმა წარსულსა და მომავალზე ისაუბრა
რომამ პაულო დიბალა მედიის წინაშე წარადგინა. 28 წლის არგენტინელი "ჯალოროსის" თავისუფალი აგენტის სტატუსით ერთი კვირის წინ შეუერთდა და ბუნებრივია, რომაული კლუბისადმი ინტერესი იტალიაში კიდევ უფრო გაიზარდა.
ბევრი ფიქრობს, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდი ახალ სეზონში ჩემპიონობისთვისაც იბრძოლებს, თუმცა, დიბალას აზრით, ჯერ ამაზე საუბარი ძალიან ადრეა:
"ვფიქრობ, სკუდეტოზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა, ყველას ამის დიდი სურვილი გვაქვს. რომამ გასულ სეზონში ძალიან მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო (კონფერენსლიგა - რედ), რათა მომავალში მეტი ამბიცია ჰქონოდა. რომა ძალიან გაიზარდა იმ ფეხბურთელების წყალობით, რომლებიც მოურინიოსთან ერთად მოვიდნენ. ჩვენი მიზანია თამაშიდან თამაშამდე გამარჯვება, სკუდეტოსთვის ბრძოლაში კი ჩვენზე წინ ჯერ კიდევ რამდენიმე გუნდია".
პაულომ ჟოზე მოურინიოს ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება, რომელმაც ის რომაში ტრანსფერზე დაითანხმა:
"მოურინიომ დამირეკა და ძალიან გამიხარდა. პირველი შეკითხვა, რაც დავუსვი, იყო: "რის მოგებას ვგეგმავთ?" ძალიან მომწონს გამარჯვება. ყოველთვის ვეცდები, მაქსიმუმი გავაკეთო და გუნდს ჩემი გამოცდილება მოვახმარო".

არგენტინელი ფეხბურთელი 2015-2022 წლებში იუვენტუსში თამაშობდა და კლუბის ბოლო წლების ერთ-ერთი სიმბოლო იყო, თუმცა, გასულ სეზონში მის მიმართ ბევრი კრიტიკა იყო, რაც პაულოს ნორმალურად მიაჩნია:
"კრიტიკა ნორმალურია, რადგან, როდესაც იუვენტუსის მსგავს გუნდში თამაშობ, შენგან ყოველთვის მეტს ითხოვენ. სასურველი იყო მეტი გოლის გატანა და მოედანზე უფრო მეტი წუთის გატარება, მაგრამ გასულ სეზონში სტატისტიკით მაინც იუვეს საუკეთესო მოთამაშეებში ვიყავი. იუვენტუსის კარში გატანილ გოლს თუ აღვნიშნავ? ცხადია - არა".
ბევრი დაიწერა, რომ დიბალა და იუვე კონტრაქტის განახლებაზე ხელფასის გამო ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ არგენტინელმა ეს ინფორმაცია უარყო:
"გენერალური დირექტორი არივაბენე თავისი განცხადებებით ძალიან მკაფიო იყო. ოქტომბერში გვქონდა შეთანხმება კონტრაქტის განახლებაზე, შემდეგ კლუბმა დრო მოითხოვა. მარტის შემდეგ მივიღე ინფორმაცია, რომ სამომავლო პროექტის ნაწილი აღარ ვიქნებოდი. არ ყოფილა ეკონომიკური პრობლემა, უბრალოდ, კლუბმა მწვრთნელთან ერთად სხვა გადაწყვეტილება მიიღო. მეც ვუთხარი, რომ თუ ეს მათი არჩევანი იყო, ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენდა".

ბევრი ელოდა, რომ პაულო დიბალა რომაში 10-ნომრიან მაისურს მოირგებდა. მით უმეტეს, რომ ეს კლუბმაც შესთავაზა და თვით ფრანჩესკო ტოტიმაც საჯაროდ თქვა, რომ მისი სურვილი იყო, პაულოს 10 ნომერი აერჩია. თუმცა, სამხრეთამერიკელმა ეს არ გააკეთა და 21 ნომრით ითამაშებს. მიუხედავად ამისა, მომავალში არ გამორიცხავს, რომ მაინც გახდეს რომას 10-იანი, რომელიც ტოტის შემდეგ არავის ყოფილა.
"რომაში ბოლო 10 ნომერი ვინც იყო, ყველამ იცის და მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. ჩემთვის 21 ნომერიც ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ნაკრებიდან და იუვენტუსის საწყისი წლებიდან. იმედი მაქვს, რომ ამ ნომრით ტიტულებს რომაშიც მოვიგებ, მოგვიანებით კი ვნახოთ, რა მოხდება", - დასძინა დიბალამ.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალამ რომასთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. არგენტინელის კარიერაში "ჯალოროსი" მესამე იტალიური კლუბია, იუვენტუსამდე ის სიცილიური პალერმოს წევრი იყო.
კომენტარები