Thumbnail

ბორჯღალოსნები 7 მატჩს ჩაატარებენ? რაგბი ევროპაზე გუნდების რაოდენობა იზრდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რაგბი ევროპის ჩემპიონატს ბელგია, პოლონეთი და გერმანია დაემატნენ
  • მომავალ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს რუსეთის ნაკრები

რაგბი ევროპამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2023 წლიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატში, რომლის უდავო ლიდერიც საქართველოს ნაკრებია, ექვსის ნაცვლად 8 ეროვნული გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

როგორც ირკვევა, რაგბი ევროპის ტროფეიდან ელიტაში ტურნირის გამარჯვებული ბელგია, მეორეადგილოსანი პოლონეთი და მე-3 პოზიციაზე გასული გერმანია გადავლენ.

ამ უკანასკნელს დაწინაურება იმის გამო შეეხო, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებს რუსეთის რაგბის ნაკრები. ოკუპანტი ქვეყანა საერთაშორისო ტურნირებს მინიმუმ მომავალ სეზონშიც ჩამოშორებულია.

რაგბი ევროპის ცნობით, ახალი გათამაშების ფორმატი უახლოეს პერიოდში იქნება დამტკიცებული, თუმცა, თუკი წრიული სისტემა შენარჩუნდა, გამოვა, რომ “ბორჯღალოსნები” ტურნირზე 5 თამაშის ნაცვლად შვიდს ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო გათამაშებაში საქართველოს, რუმინეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, რუსეთისა და ნიდერლანდების ნაკრებები მონაწილეობდნენ. შეჯიბრს 1936-1938 წლებში ფირას ტურნირი ერქვა, 1952-1954 წლებში – ევროპის თასი, 1965-1973 წლებში – ფირას ერთა თასი, 1973-1997 წლებში – ფირას ტროფეი, 1996-1999 წლებში ისევ – ფირას ტურნირი, ხოლო 2000-2016 წლებში – ევროპის ერთა თასი.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო 5 ტურნირში იმარჯვა, ასევე ბოლო 15 გათამაშებიდან – 13-ში. სულ “ბორჯღალოსნებს” აღნიშნული შეჯიბრი 14-ჯერ აქვთ მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები