Thumbnail

თორნიკე მოსიაშვილის ბრინჯაო - საქართველოს მე-3 მედალი სლოვაკეთში

  • საქართველოს მესამე მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე
  • ძიუდოისტი თორნიკე მოსიაშვილი -60 კგ-ში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა 

სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, მესამე დღეს, საქართველოს კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ძიუდოისტმა თორნიკე მოსიაშვილმა მოუტანა. 

მოსიაშვილი 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობას პირველი წრიდან შეუდგა. დაამარცხა დანიელი, პოლონელი და სომეხი თანატოლები, მაგრამ ნახევარფინალში სლოვენიელ მეტოქესთან წააგო და რეპეშაჟზე გადაერთო. მომავალმა მედალოსანმა მესამე ადგილის დაკავების შანსი წარმატებით გამოიყენა - გადამწყვეტ შეხვედრაში ბელგიელ რეი მარინთან წმინდა გამარჯვება მოიპოვა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.


-73 კგ-ში წარუმატებლად გამოვიდა სანდრო ახლოური. პირველ წრეში ხორვატ მეტოქეს მოუგო, მაგრამ ასპარეზობას მეორე წრეში თურქ მოწინააღმდეგესთან წაგებით ტურნირს გამოეთიშა.

პირველ წრეში წაგებით დაასრულა გამოსვლა მარიამ ფოცხვერაშვილმა (52 კგ). უმედლოდ დარჩა ნინო ლოლაძეც (57 კგ). ის შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაერთო, თუმცა წარუმატებლად - ნიდერლანდელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა, მაგრამ რეპეშაჟში გამოსვლის შესაძლებლობა მაინც მიეცა. მოიგო შეხვედრა თურქ თანატოლთან, მაგრამ ესპანელ მოწინააღმდეგესთან ბრინჯაოს ნახევარფინალში დამარცხდა.

მოცურავე ლიზი გრიგალაშვილმა (200 მ. თავისუფალი სტილი) 42-ე ადგილი დაიკავა, ხოლო ნოე ფანცხავამ (200 მ. გულაღმა ცურვა) - მე-20 ადგილი. ტანვარჯიშში კვალიფიკაცია ვერ გაიარა ელიზაბეტა ქორქიამ.

საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ამ დროისთვის სამი მედალია, რომელიც ძიუდოისტებმა მოიპოვეს - 1 ოქრო, 2 ბრინჯაო. წინა დღეს ჩემპიონი დავით ლომიტაშვილი (-55 კგ) გახდა, ბრინჯაოს პრიზიორი - დავით ქარელი (-60 კგ).

კომენტარები

ბოლო ამბები