Thumbnail
  • რამდენი ქულა მოაგროვეს ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე
  • ოთხივე ქართული კლუბი ნაადრევად გამოეთიშა ევროთასებს

ქართული კლუბებისთვის ევროთასების 2022/23 წლების სეზონი ისე დასრულდა წესიერად არც გახურებულა. სამწუხაროდ, ეს უკვე ჩვენი ტრადიციაა. მაშინ, როცა ბევრი ქვეყნის კლუბებს ევროთასების სეზონი ჯერ არ დაუწყიათ, ქართულმა კვარტეტმა ყველაფერი აგვისტომდე დაასრულა და მორიგი სამარცხვინო შედეგები ჩაწერა ქართული ფეხბურთის ისტორიაში. 

დინამო ბათუმი ქვეყანას ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე წარადგენდა, შემდეგ კი კონფერენსლიგაზე, დინამო თბილისი, საბურთალო და დილა კი თავიდანვე კონფერენსლიგაზე იყვნენ. ამ ოთხეულიდან მხოლოდ ერთმა, საბურთალომ შეძლო ერთი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა, სხვები პირველივე ეტაპზე დამარცხდნენ, დინამო ბათუმმა ეს ორჯერ გააკეთა. 

დინამო ბათუმმა ორივე ტურნირზე წარუმატებლად იასპარეზა

ვნახოთ, რა შემატეს ქართულმა კლუბებმა ამ სეზონში უეფას კოეფიციენტთა რეიტინგში ქვეყანას. ოთხმა გუნდმა სულ 3 მოგება, 3 ფრე და 6 მარცხი მიითვალა - 4.5 ქულა დააგროვა (2 საბურთალომ, დინამოებმა თითო და დილამ 0.5), რის შემდეგაც საშუალო კოეფიციენტი დარჩა - 1.125. 

უეფას კოეფიციენტთა ცხრილში ამ ეტაპზე საქართველო 7.000 ქულით 47-ე პოზიციაზეა, მაგრამ შემდეგი სეზონისთვის ხუთი წლის წინანდელი 0.125 ქულა დააკლდება და ის ახალით (1.125) ჩანაცვლდება. ვინაიდან 2017/18 წლების სეზონში საქართველოს ისტორიულად უარესი შედეგი ჰქონდა, იყო შანსი წინსვლის, თუმცა ქართულმა კლუბებმა ეს ვერ გამოიყენეს. მომდევნო სეზონის რეიტინგში საქართველოს მხოლოდ ერთი ქულით მეტი აქვს - 8.000 და ჯერჯერობით 44-ეა ანუ სამი საფეხურით წინ წავიდა. შედარებით კარგი გამოსვლის შემთხვევაში, საქართველოს სერიოზული წინსვლის შანსი ჰქონდა, ახლა კი ეს სამი საფეხურიც დროებითია, რადგან რეიტინგში უკან მყოფ ქვეყნებს ჯერ კიდევ დარჩათ კლუბები ევროთასებზე საქართველოსგან განსხვავებით. 

41 (-). სომხეთი - 8.625 (1 კლუბი დარჩა)
42 (+2). ფარერები - 8.500 (2)
43 (-1). ჩრდ. ირლანდია - 8.333 (1)
44 (+3). საქართველო - 8.000 (0)
45 (+1). მალტა - 7.625 (3)
46 (-1). ესტონეთი - 7.582 (1)
47 (+5). ისლანდია - 6.916 (2)
48 (-5). ალბანეთი - 6.250 (0)
49 (+1). უელსი - 6.166 (0)
50 (-1). ლიხტენშტაინი - 6.000 (1)

საინტერესო ფაქტები

🟠 აგვისტომდე ევროთასებზე საქართველოს კლუბების გარდა ვერ მიაღწიეს: სან მარინომ, მონტენეგრომ, ანდორამ, გიბრალტარმა, უელსმა და ალბანეთმა.

🟠 ევროთასებზე ჯერ თამაში არ დაუწყიათ: გერმანულ, ესპანურ, ინგლისურ, იტალიურ და ფრანგულ კლუბებს.

🟠 2022/23 წლების სეზონში ყველაზე მეტი ამ ეტაპისთვის ისლანდიამ დააგროვა - 2.666. შემდეგ მოდის სლოვაკეთი - 2.500 და პოლონეთი - 2.125.

🟠 ბოლო 6 სეზონის ქულები საქართველოს: 2017/18 - 0.125; 2018/19 - 1.625; 2019/20 - 2.250; 2020/21 - 1.750; 2021/22 - 1.250; 2022/23 - 1.125.

🟠 საქართველოს კლუბებს არც ჩემპიონთა ლიგის, არც ევროპალიგის და არც კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე არ უთამაშიათ. მხოლოდ ერთხელ იყო, როცა დინამო თბილისმა უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა (ევროპალიგის წინამორბედი ტურნირი). 

🟠  ამ სამი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე არასდროს უთამაშიათ: საქართველოს, ისლანდიას, ჩრდილოეთ ირლანდიას, უელსს, ანდორას, ლიხტენშტაინს, სან მარინოს, მალტას, ლიეტუვას, ბოსნიას, კოსოვოს და მონტენეგროს. 55 ევროპული ქვეყნიდან 12-ს. 

კომენტარები

ბოლო ამბები