Thumbnail

F1 | საოცარი მაქს ფერსტაპენი უნგრეთში და ფერარის მორიგი კოშმარი

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • უნგრეთის გრან პრიზე მაქს ფერსტაპენმა უნაკლოდ იასპარეზა
  • ლუის ჰემილტონი ისევ შესანიშნავი იყო, პოდიუმზე ჯორჯ რასელიც ავიდა
  • ფერარის მორიგი ჩაგდებული რბოლა, რაც უკვე სიახლე აღარაა

მაქს ფერსტაპენმა ერთი შეხედვით ურთულესი ამოცანა ძალიან მარტივად შეასრულა - მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა უნგრეთის გრან პრი მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ რბოლა მე-10 პოზიციიდან დაიწყო!

როგორც წესი, ჰუნგარორინგზე გასწრება რთულია, მაგრამ ფერსტაპენმა იმდენი მოახერხა, რომ ერთბაშად 9 პოზიცია მოიგო და პირველი ადგილი ისე დაიკავა, რომ კითხვის ნიშნები საერთოდ არ დაუტოვებია. ფერსტაპენმა კარიერაში 28-ე რბოლა მოიგო და საერთო კლასიფიკაციაში უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარა.

არანაკლებ მაგარი რბოლა ჩაატარა ლუის ჰემილტონმა, რომელიც სტარტზე მე-7 ადგილზე იყო, მაგრამ ფინიშის ხაზი მეორემ გადაკვეთა. მე-3 პოზიცია ერგო ჯორჯ რასელს, რომელიც რბოლას პოულ-პოზიციით იწყებდა. სხვათა შორის, პოდიუმი ზუსტად ისე დაკომპლექტდა (ფერსტაპენი, ჰემილტონი, რასელი), როგორც გასულ კვირას, საფრანგეთის გრან პრიზე.

მაქსის სუპერბოლა უნგრეთში

მიმდინარე სეზონში უკვე მერამდენე კოშმარული დღე ჰქონდა ფერარის. იტალიურ საჯინიბოს გამარჯვებაც კი შეეძლო, მაგრამ მოგებას ვინ ჩივის, ვერცერთი მისი მბროლელი პოდიუმზე ვერ ავიდა. კარლოს საინსი რბოლას - მე-2, ხოლო შარლ ლეკლერი მე-3 პოზიციით იწყებდა, საბოლოოდ კი, ესპანელი მე-4 ადგილზე გავიდა, ფრანგი კი - მეექვსეზე. არადა, ლეკლერი ერთი ხანობა რბოლას ლიდერობდა კიდეც, მაგრამ გუნდის არასწორი ტაქტიკისა და ცუდად შერჩეული საბურავების გამო, პოზიციები ძალიან იოლად დაკარგა.

რა გასაკვირია, რომ დღის მბროლელად მაქს ფერსტაპენი დასახელდა, ლუის ჰემილტონი კი პოდიუმზე ზედიზედ მეხუთედ ავიდა.

უნგრეთის გრან პრი

1. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული)
2. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) +7.834
3. ჯორჯ რასელი (მერსედესი) +12.337
4. კარლოს საინსი (ფერარი) +14.579
5. სერხიო პერესი (რედ ბული) +15.688
6. შარლ ლეკლერი (ფერარი) +16.047
7. ლანდო ნორისი (მაკლარენი) +1:18.300
8. ფერნანდო ალონსო (რენო ალპინი) +1 წრე
9. ესტებან ოკონი (რენო ალპინი) +1 წრე
10. სებასტიან ფეტელი (ასტონ მარტინი) +1 წრე

ფერარის მორიგი ჩაგდებული რბოლის შემდეგ ლეკლერი ფერსტაპენს კიდევ ჩამორჩა და სერხიო პერესს უკვე მხოლოდ 5 ქულით უსწრებს, ხოლო მისი თანაგუნდელი კარლოს საინსი ერთი პოზიციით დაქვეითდა და ადგილი ჯორჯ რასელს გაუცვალა.

1. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) - 258 ქულა
2. შარლ ლეკლერი (ფერარი) – 178
3. სერხიო პერესი (რედ ბული) – 173
4. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 158
5. კარლოს საინსი (ფერარი) – 156
6. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) – 146
7. ლანდო ნორისი (მაკლარენი) – 76
8. ესტებან ოკონი (რენო ალპინი) – 58
9. ვალტერი ბოტასი (ალფა რომეო) – 46
10. ფერნანდო ალონსო (რენო ალპინი) – 41

კონსტრუქტორთა თასისთვის ბრძოლაში რედ ბულმა უპირატესობა გაიმყარა, ხოლო მერსედესმა ფერარისთან ჩამორჩენა კიდევ უფრო შეამცირა:

1. რედ ბული - 431 ქულა
2. ფერარი - 334
3. მერსედესი - 304
4. რენო ალპინი - 99
5. მაკლარენი - 95

ახლა, ფორმულა 1-ში ზაფხულის პაუზა გამოცხადდა და სეზონი 28 აგვისტოს, ბელგიის გრან პრით განახლდება.

კომენტარები

ბოლო ამბები