Thumbnail

ნაპოლიმ კასტელ დი სანგროში მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ესპანურ მალიორკასთან ფრედ ითამაშა (1:1). შეხვედრის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ პირველი ტაიმით კმაყოფილი დარჩა, მეორით კი - არა.

ფეხბურთის ქართველი ქომაგისთვის მთავარი მაინც ისაა, რომ იტალიელმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს მაღალი შეფასება მისცა:

"კვარამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი ნიჭი. ის არის ფეხბურთელი, რომელმაც იცის რა გააკეთოს, იცის მეტოქის მოტყუება და თამაშში სხვაობას ქმნის. ზოგიერთ სიტუაციაში არ გაუმართლა, მაგრამ ნამდვილად კარგად ითამაშა. სხვა საქმეა, რომ მანაც უნდა მოუმატოს, ისევე, როგორც მთელმა გუნდმა".

კვარა ამ მომენტში გოლთან ახლოს იყო

მთავარი მწვრთნელის გარდა, კვარაცხელიას თამაშს სხვადასხვა ნეაპოლური გამოცემები გამოეხმაურნენ და ის ნაპოლის რიგებიდან ერთ-ერთ საუკეთესოდ დაასახელეს. იტალიელებმა ამჯერად კვარას დაცვაში თამაშის უნარები გამოარჩიეს: ის თანაგუნდელებს ეხმარებოდა და დაცვაში რამდენჯერმე ბურთი მოიპოვა, რის გამოც იმ მომენტებში სპალეტისგან ტაშიც დაიმსახურა.

ნაპოლის ვებგვერდი: "კვარა შოუმენია, რომელიც თავის საოცარ ნიჭს ავლენსს. ქართველი ტრიბუნების ოვაციებს აგროვებდა, მუდმივად ატყუებდა ესპანელთა მცველებს და ძალიან ახლოს იყო 40 მეტრიდან ლამაზ გოლთან".

Tuttonapoli: "რა სასიამოვნოა მისი თამაში ყურება. ახლოს იყო გოლთან, როცა ლამის თავისი სახლიდან მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და კარს ოდნავ ააცილა. გარდა ამისა, ერთ მომენტში მეტოქეს ორჯერ ორიენტაცია დააკარგვინა, მაგრამ კარში ზუსტად ვერ დაარტყა. ის აგრძელებს შესანიშნავად თამაშს, თუმცა, ალბათ ყველაზე კარგის მომასწავებელი ისაა, რომ თავგანწირვა შეუძლია, მაშინ როცა უბურთოდაა".

Calcionapoli24: "ორი დრიბლინგი საწყის სამ წუთში, ფანების ოვაციები, ფეხებში ძლიერი დარტყმა. შემდეგ ახლოს იყო საოცარ გოლთან, ჰქონდა დრიბლინგები და მეტოქეები ისევ უხეშად ეთამაშებოდნენ. ის თავად ბრწყინავდა და "სტადიო პატინის" განათება სულაც არ სჭირდებოდა".

Areanapoli: "ქართველი გარემარბი სირბილს და დაცვის დახმარებას არ ერიდებოდა. მან სხვა ყველაფერთან ერთად თავგანწირვის ძლიერი უნარი აჩვენა, რაც "აძურის" სათადარიგო სკამიდან მწვრთნელის აპლოდისმენტებით დაუფასდა. სპალეტი არ მალავს, რომ დიდად აფასებს 77-ე ნომერს, რომელიც ყოველთვის სახიფათოა, როცა თავის ფლანგზე უტევს. მნიშვნელოვანი შენაძენია. ნაპოლიმ მასში 10 მილიონი ევრო გადაიხადა და დარწმუნებულია, რომ კარგი გარიგება განახორციელა. რაც აქამდე ვნახეთ პრესეზონზე, კლუბის ხელმძღვანელობის ნაბიჯი გამართლებულია".

ხვიჩა ნეაპოლში ყველას მოსწონს

კვარაცხელიამ ნაპოლიში 4 ამხანაგური თამაში ჩაატარა, რომლებშიც 3 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა. აღსანიშნავია, რომ თუ ამჯერად 73 წუთი ითამაშა, წინა სამ შეხვედრაში მხოლოდ თითო ტაიმი გაატარა მოედანზე.

ნაპოლი პრესეზონზე კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს და ისევ ესპანურ კლუბებს დაუპირისპირდება - ჟირონასა (3 აგვისტო) და ესპანიოლს (6 აგვისტო), ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 15 აგვისტოს, სტუმრად ვერონას შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები