Thumbnail

ჯარიმა 'ფეიკ' ცერემონიალისთვის და პროტესტი - კაზუსი თანამეგობრობის თამაშებზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბირმინგემში თანამეგობრობის თამაშები მიმდინარეობს
  • უცნაური ამბავი პარაველომრბოლთა ტურნირზე

UCI-მ (ველოსიპედისტთა საერთაშორისო კავშირი) ინგლისური წყვილი თანამეგობრობის თამაშებზე "ფეიკ" ცერემონიალისთვის დასაჯა. სოფი ანვინმა და ჯორჯია ჰოლტმა Tandem B სპრინტში მესამე ადგილი დაიკავეს, თუმცა ასპარეზობის დასრულების შემდეგ მათ უთხრეს, რომ მედალს ვერ მიიღებდნენ. 

შოტლანდია დაამარცხეს, მე-3 ადგილზე გავიდნენ, მაგრამ...

ეს ბირმინგემში, თანამეგობრობის XXII თამაშებზე მოხდა. ტრეკზე ანვინმა და ჰოლტმა მე-3 პოზიცია აჩვენეს Tandem B-ს კლასში, მაგრამ ოფიციალურად ბრინჯაოს მედლები ვერ მიიღეს, რადგან ამ კატეგორიაში სულ 4 გუნდი ასპარეზობდა. წესების თანახმად კი, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ოქროს და ვერცხლის მედლები თამაშდება. 

შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა - გაბრაზებულმა პარაველომრბოლებმა თვითნებურად მიითვისეს მედლები (ინგლისელი გუნდელებისგან ითხოვეს), რომლებიც მათი აზრით, დაიმსახურეს, ავიდნენ პოდიუმზე და "ფეიკ" დაჯილდოვების ცერემონიალი მოიწყვეს. მანამდე მათ ოფიციალურ ცერემონიალზე მოაწყეს დებოში - ინგლისის დროშებით შეიჭრნენ პროტესტის გამოსახატავად, თუმცა დაცვამ ისინი პოდიუმს მოაცილა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს სოფიმ და ჯორჯიამ "ფეიკ" ცერემონიალის მოწყობა. 

ანვინისა და ჰოლტის პროტესტი ინგლისის დროშით

UCI-მ თითოეული პარასპორტსმენი 200 შვეიცარიული ფრანკით დააჯარიმა "თანამეგობრობის თამაშების ინსტრუქციების უგულველყოფისთვის". თუმცა იმავე სპორტსმენებმა ორგანიზატორების ბოდიშიც მიიღეს. 

Tandem B კლასში ხუთი გუნდი იყო დარეგისტრირებული, მაგრამ სტარტზე მხოლოდ ოთხი გავიდა. ფაქტია, შოტლანდიისა და ინგლისის გუნდების დაპირისპირება ოფიციალურად მონათლეს ბრინჯაოსთვის დუელად. გამარჯვების შემდეგ ისინი პოდიუმისკენ მიაცილეს, თუმცა შემდეგ გამოუცხადეს, რომ მათ მედლები არ ეკუთვნით. სწორედ ამ გაუგებრობის გამო მოიბოდიშეს შემდეგ ორგანიზატორებმა. 

სხვათა შორის, ამ ამბავს ბედნიერი დასასრული ჰქონდა - მეორე დღეს ინგლისურმა წყვილმა Tandem B კლასში 1 000 მეტრზე დროზე რბოლაში მე-2 შედეგი აიღო და ვერცხლის მედლები მოიპოვა. სოფიმ და ჯორჯიამ, ამჯერად, ყოველგვარი პროტესტის გარეშე დაიკავეს პოდიუმზე კუთვნილი ადგილი. 

"ეს ნამდვილად საოცარია. ჩვენ არ გვინდოდა არც ორგანიზატორების განაწყენება და არც სხვა მბროლელების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა. მადლობა გუნდელებს და სხვა სპორტსმენებს ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩვენ დიდი მხარდაჭერა მივიღეთ მათგან", - განაცხადა სოფი ანვინმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები