Thumbnail

FIFA 22 Global Series | სამკვირიანი მარათონი ბრაზილიის ტრიუმფით დასრულდა

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • ბრაზილიის ნაკრებმა ფინალში პოლონეთი დაამარცხა
  • ტურნირის საპრიზო ფონდი 400 000 დოლარს შეადგენდა  

დანიის დედაქალაქ კოპენჰაჰენში FIFA 22 Global Series ტურნირები დასრულდა. სამკვირიანმა მარათონმა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე, კლუბი და ნაკრები გამოავლინა. ღონისძიება ბრაზილიის ნაკრების ტრიუმფით დაიხურა, რომელმაც ფინალში პოლონეთი დაამარცხა. 

როგორც ჩანს, ბრაზილიელები არა მხოლოდ რეალურ ფეხბურთში, არამედ ელექტრონულ სპორტშიც მაგრები არიან. მათთვის ტურნირი არც ისე დამაჯერებლად დაიწყო, გუნდმა A ჯგუფში მოკრძალებული მესამე ადგილი დაიკავა, პლეი ოფიდან კი ბელას არენაში ნამდვილი ცეცხლი დაანთო.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის ნაკრებს პლეი ოფის ყველა შეხვედრაში გაუჭირდა: მერვედფინალში ესპანეთს (2:1) გაუმკლავდა, მეოთხედფინალში საფრანგეთს სძლია იგივე ანგარიშით, ნახევრაფინალში ნამდვილი დრამა გამართა იტალიის წინააღმდეგ (5:4), ხოლო ფინალში დაძაბულ და დაცვაზე ორიენტირებულ მატჩში პოლონეთს აჯობა (1:0) და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. 

ჩემპიონატში ფავორიტებად ბრაზილიასთან ერთად არგენტინა, გერმანია, პორტგუგალია და საფრანგეთი მოიაზრებოდნენ. მოულოდნელად კარგად იასპარეზეს იტალიამ და პოლონეთმა, ამ უკანასკნელს ერთი ნაბიჯი დააკლდა ისტორიულ გამარჯვებამდე. ტურნირის საპრიზო ფონდი 400 000 დოლარს შეადგენდა, საიდანაც ჩემპიონმა 120 000 დოლარი მიიღო. 

"ვულოცავ სამივე ჩემპიონს FIFAe-ს შესაბამისი თასების მოპოვებას. ისინი მსოფლიოს საუკეთესოების დამარცხებით მწვერვალზე ავიდნენ. ბოლო სამმა კვირამ შესანიშნავი ატმოსფერო შექმნა, რომელიც ყველა მონაწილის დამსახურებაა. ეს ყველაფერი eSports-ის ახალი თაობის მოთამაშეებს შთააგონებთ", - განაცხადა FIFA-ს წარმომადგენელმა რომი გაიმ.

FIFA esports-ის ღონისძიება ივლისის დასაწყისში გაიხსნა. პირველი ჩემპიონობა ინდივიდუალურ სახეობაში გერმანელმა უმუტ გიუტეკინმა მოიპოვა, რომელმაც საკმაოდ სოლიდური ფულადი პრიზი - 250 000 დოლარი მიიღო. რიგით მეორე ტურნირმა მსოფლიოში საუკეთესო კლუბი გამოავლინა და ის ესპანური გუნდი Riders გახდა, მათ ცოტა მოკრძალებული პრიზი - 100 000 დოლარი ერგოთ.

FIFAe Nations Cup-ის ონლაინ კვალიფიკაციაში საქართველოც მონაწილეობდა. ჩვენი ნაკრების ღირსებას ნიკა ასათაშვილი და ლადო ონიანი იცავდნენ. სამწუხაროდ, ქართველმა გეიმერებმა ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები