Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებისა და მილიუკის ფორვარდის LIVE-ინტერვიუ 
  • 23 წლის კალათბურთელი მილუოკიზე, იანისზე, ზაზაზე და ნაკრებზე
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

მილუოკი ბაქსის კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად სლოვენიაში შეკრებაზე იმყოფება. 23 წლის ფორვარდი NBA-ს რეგულაციების გამო, გუნდთან ერთად სრულფასოვან ვარჯიშს 4 აგვისტოდან დაიწყებს, იქამდე კი სანდრომ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ფეისბუქის გვერდზე ჩატარებულ LIVE-ინტერვიუში შეკითხვებს უპასუხა.

...კალათბურთზე გაკეთებულ არჩევანზე: "კალათბურთში ვიპოვე ის სიყვარული, რაც სხვა სპორტში ვერ აღმოვაჩინე. ბებიაჩემი კალათბურთელი იყო, მამაჩემიც, ჩემი ძმაც კალათბურთს თამაშობდნენ. თავიდან კალათბურთი არ მომეწონა, სხვა სპორტის სახეობები ვცადე, მაგრამ შემდეგ ისევ ამ სპორტს დავუბრუნდი".    

...ბავშვობის კუმირზე: "ბავშვობაში ბევრი კუმირი მყავდა, მაგრამ რა თქმა უნდა, სულ მაღლა კობი და ლებრონი იდგნენ. ლებრონის ისეთი ძლიერი გულშემატკივარი ვიყავი, ხანდახან ვამბობდი, რომ კობი ასეთი მაგარი მოთამაშე არ არის, მაგრამ როცა გავიზარდე, შემდეგ გავიაზრე, თუ რა მაგარი მოთამაში იყო და რამხელა მენტალური ძალა ჰქონდა, გადაელახა ბევრი რაღაც თავის კარიერაში. ლებრონს თამაშში რომ ხედავ და მის ენერგიას გრძნობ, ხვდები რა მაგარი მოთამაშეა და რა ძალა აქვს".

...იანისზე: "დღეს იანისია გაუჩერებელი და საუკეთესო მოთამაშე. ძალიან კარგი ტიპია. არის ძალიან მეგობრული, სულ ხუმრობს და ცდილობს, გუნდი შეკრას. იანისის გაჩერება ძალიან რთულია, მაგრამ შეუძლებელი არ არის. უბრალოდ, ოთხი კაცი უნდა დაუყენო. ერთ-ერთი თამაშიდან დაბრუნების შემდეგ, თავის სახლში წამიყვანა. შემიყვანა თავის კაბინეტში და მაჩვენა ყველა ჯილდო, რაც კი მიღებული აქვს. იმ დროს სულ სხვა დონის მოტივაცია დამეუფლა. როდესაც ხედავ, ასეთი რაღაცები აქვს სახლში და ამდენ შრომას და ენერგიას დებს, გინდა, თავადაც უფრო მეტი ივარჯიშო და მიაღწიო შენს მაქსიმამუმს.

...მილუოკიში მეგობრებზე: "გუნდში ჩემი საუკეთესო მეგობრები ჯრუ ჰოლიდეი და ბობი პორტისი არიან. ეს ორი ადამიანი ყოველთვის მხარში მიდგას და მეხმარება".

სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში მეორე სეზონს დაიწყებს

...ზაზა ფაჩულიაზე: "ამერიკაში ზაზას ყველა ერთ-ერთ საუკეთესო პროფესიონალად მიიჩნევს. იცოდა თავისი როლი, ასი პროცენტით იხარჯებოდა. სადაც უთამაშია, მათ შორის მილუიკიშიც, ზაზა ყველას ძალიან უყვარს, სახელი აქვს დატოვებული. როცა რაღაც შეკითხვა მაქვს, როგორც ჩემს უფროს ძმას, მას ვურეკავ. ჩემი ძალიან დიდი მრჩეველია".

...საქართველოს ნაკრებზე: "საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემთვის დიდი პატივია. ბავშვობიდან სულ დავდიოდი მის თამაშებზე. მახსოვს ცინცაძის, თორნიკეს თამაში. გავიზარდე ზაზას, სანიკიძის ყურებაში და ვცდილობდი, მათთვის მიმებაძა. მქონდა შემოთავაზება სამი-ოთხი ნაკრებისგან, მაგრამ სულით და გულით ქართველი ვარ, გავიზარდე საქართველოს ნაკრების ყურებაში, ჩემი ოჯახი აქ ცხოვრობს და ორი აზრიც არ არსებობდა, სად უნდა წავსულიყავი. როგორც კი მეორე პასპორტის აღების საშუალება მომეცა, რა თქმა უნდა, საქართველო ვარჩიე ყველაფერს". 

...მომავალ ევრობასკეტზე: "ჩემი აზრით, ძალიან კარგი ნაკრები გვყავს და შეგვიძლია, შორს გავიდეთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ძალიან დაგვეხმარება ის, რომ ევრობასკეტი ჩვენთან ტარდება. ვიცით, რამდენი გულშემატკივარი მოვა და რამხელა მხარდაჭერა გვექნება, მაგრამ ნამდვილად ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ნაკრები, მოთამაშეები და ლიდერები გვყავს საიმისოდ, რომ შორს გავიდეთ და საქართველო ვასახელოთ". 

...სამქულიანი თუ ჩატენვა: "საქართველოს ნაკრებში ჩატენვა უფრო მიყვარს, რადგან ხალხი უფრო ემოციურად ხვდება, მაგრამ ამერიკაში - სამქულიანი".

კომენტარები

ბოლო ამბები