Thumbnail

ევრობასკეტი 2022-ის დაწყებამდე ზუსტად 1 თვით ადრე, ფიბა-ევროპამ მომავალი ტურნირის მონაწილეთა რეიტინგი გამოაქვეყნა. კლასიფიკაციას არავითარი კავშირი არ აქვს ფიბა-ს ოფიციალურ რეიტინგთან, თუმცა, მომავალი შეჯიბრის წინ, ძალთა გადანაწილების კუთხით მაინც საინტერესო უნდა იყოს.

ფიბა-ს ჟურნალისტების აზრით, ამ დროისთვის, საქართველოს ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატის 24 მონაწილეს შორის მე-14 ადგილი უკავია, ამდენად, წესით, უნდა გავიდეს ტურნირის პლეი-ოფში და მერვედფინალში ითამაშოს.

“საქართველო იმ ნაკრებთა სიაშია, რომელთაც ამჯერად თამაში მშობლიურ გარემოში მოუწევთ. ევრობასკეტისთვის აშენებული ახალი არენა დიდი ზურგი უნდა იყოს ქართველი კალათბურთელებისთვის, რომელთაც გასულ თვეში ესპანეთთან მატჩში მნიშვნელოვანი მოგების გემო შეიგრძვნეს, თუმცა, იმავე მეტოქესთან ჯგუფურ ეტაპზე თამაშს კიდევ უფრო დიდი დატვირთვა ექნება. საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთი უძლიერესი წინა ხაზი ეყოლება, მას შემდეგ, რაც თორნიკე შენგელია-გიორგი შერმადინის დუეტს გოგა ბითაძე შეუერთდება”, - ვკითხულობთ ფიბა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

აღნიშნულ რეიტინგში ილიას ზუროსის შეგირდები ისეთ სოლიდურ ნაკრებებს უსწრებენ, როგორებიც უკრაინა, მონტენეგრო, ბოსნია-ჰერცეგოვინა და პოლონეთი არიან, უკან არიან ჩვენი ჯგუფის სხვა წევრები ბელგია და ბულგარეთიც, სამაგიეროდ, ჩამოვრჩებით ხსენებულ ესპანეთსა და თურქეთს. სრულად, კლასიფიკაცია ასე გამოიყურება:

1. სლოვენია, 2. საფრანგეთი, 3. საბერძნეთი, 4. სერბეთი, 5. ლიეტუვა, 6. ესპანეთი, 7. თურქეთი, 8. იტალია, 9. გერმანია, 10. ჩეხეთი, 11. ხორვატია, 12. ფინეთი, 13. ისრაელი, 14. საქართველო, 15. პოლონეთი, 16. ბოსნია-ჰერცეგოვინა, 17. მონტენეგრო, 18. ბელგია, 19. უკრაინა, 20. დიდი ბრიტანეთი, 21. უნგრეთი, 22. ბულგარეთი, 23. ესტონეთი, 24. ნიდერლანდები.

ამავდროულად, ფიბა-მ მომავალ შეჯიბრს უკვე უწოდა ისტორიაში საუკეთესო ევრობასკეტი და 11 კალათბურთელი ჩამოთვალა, რომელთა მონაწილეობაც მას ასეთად გახდის. საინტერესოა, რომ გამორჩეულ კალათბურთელთა შორის საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელიაც მოხვდა, ისეთ ვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც იანის ანტეტოკუნმპო (საბერძნეთი), ლუკა დონჩიჩი (სლოვენია), ნიკოლა იოკიჩი (სერბეთი), რუდი გობერი (საფრანგეთი), ჩედი ოსმანი (თურქეთი), ტომაშ სატორანსკი (ჩეხეთი), სერხიო ლული (ესპანეთი), დენის შრიოდერი (გერმანია), ნიკოლო მელი (იტალია) და იონას ვალანჩუნასი (ლიეტუვა) არიან.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი 1-18 სექტემბერსაა დაგეგმილი და ჯგუფური ეტაპის მატჩებს თბილისის გარდა, მილანი (იტალია), პრაღა (ჩეხეთი) და კიოლნი (გერმანია) მიიღებს, პლეი ოფი კი სრულად ბერლინში (გერმანია) ჩატარდება. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად ესპანეთი, თურქეთი, მონტენეგრო, ბელგია და ბულგარეთი ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები