Thumbnail

'ნეფთჩის ლეგენდობა? მე ვეცდები, ფანები შეაფასებენ' - საბა კვერკველიას ინტერვიუ

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • კვერკველია ვენის რაპიდთან კონფერენსლიგაზე სათამაშოდ ემზადება
  • 'მხოლოდ კარიერა ნეფთჩის ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას არ მაძლევს'
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს ნაკრებისა და ბაქოს ნეფთჩის ცენტრალურმა მცველმა საბა კვერკველიამ აზერბაიჯანულ Azerisport-ს ინტერვიუ მისცა და საკლუბო კარიერულ გეგმებზე ესაუბრა.

საბა ბაქოურ გუნდში გადასვლას არ ნანობს და ამ კლუბის ლეგენდად გახდომაზეც არ ამბობს უარს. 

...ნეფთჩიში ტრანსფერზე: "ვფიქრობ, ტოპ კლუბში მოვხვდი. ნეფთჩი დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე გუნდია, მიხარია, რომ ამის ნაწილი ვარ. საკმაოდ ბევრი ვარიანტი მქონდა, მაგრამ აზერბაიჯანულ კლუბში გადასვლა იმიტომ ავირჩიე, რომ ევროთასებზე თამაში შემიძლია, ჩემპიონობისთვის ბრძოლა და ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლის შანსიც მაქვს. მე ასეთი ამბიციები მაკმაყოფილებს. სახლში ვიყავი, როცა ნეფთჩის ინტერესზე მითხრეს. 1 საათში კი უკვე ბარგი შევაგროვე და თურქეთში სამედიცინო შემოწმებაზე წავედი." 

...ძირითადი გუნდის წევრობაზე: "რაც უნდა გამოცდილი ვიყო, მხოლოდ ამის საფუძველზე ძირითად შემადგენლობაში ვერცერთ გუნდში მოხვდები. ჩემი წარსული კარიერა ნეფთჩის ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვების გარანტიას არ მაძლევს. მე აქ მოვედი და ყოველ ვარჯიშზე ბოლომდე ვიხარჯები, ყოველ ვარჯიშზე ვუმტკიცებ მწვრთნელებს, რომ თამაშის ღირსი ვარ. 

...ევროთასზე: "არისთან კარგი თამაში შემოვატრიალეთ და სასიამოვნო იყო. მომავალ ეტაპზე ვენის რაპიდს შევხვდებით. კარიერაში რაპიდის წინააღმდეგ არასდროს მითამაშია, მათზე ვერაფერს ვიტყვი. თუმცა, ბუნებრივია, კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე წინა რაუნდთან შედარებით უფრო ძლიერი გუნდი შეგვხვდება."

...საკლუბო ამბიციებზე: "დიახ, ვიცი, რომ ნეფთჩის ისტორიაში ყველაზე დიდი ვარსკვლავი გიორგი ადამიაა. ისიც ვიცი, რომ ჩემს პოზიციაზე აქ ვალერი აბრამიძე თამაშობდა. ვეცდები ნეფთჩის ლეგენდა გავხდე, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. თუ შედეგი იქნება, დანარჩენი თავისთავად მოვა, მთავარია გუნდს სარგებელი მოვუტანო და კარგად ვითამაშო. არ ვიჯდები და ვიფიქრებ იმაზე, თუ როგორ გავხდე ნეფთჩის ლეგენდა. ჩემი ამოცანაა 4 აგვისტოს რაპიდის წინააღმდეგ მოედანზე გავიდე და მაქსიმალურად პროდუქტიული ვიყო. ვინაა ლეგენდა და ვინ არა, ამას გულშემატკივრები გადაწყვეტენ."

30 წლის საბა კვერკველიამ კარიერის უდიდესი ნაწილი რუსეთის პრემიერლიგაში გაატარა და აღნიშნული ლიგა მოიგო კიდეც. საბა ყაზანის რუბინსა და მოსკოვის ლოკომოტივში გამოდიოდა, იყო როტორის წევრიც. გასული სეზონის მიმდინარეობისას ხარკივის მეტალისტ 1925-ში გადავიდა, შემდეგ კი ზაფხულამდე გაგრაში თამაშობდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები