Thumbnail

ცინცაძე მონასტირში წავიდა - ქართველი კალათბურთელი აფრიკაში ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გიორგი ცინცაძემ კონტრაქტი ტუნისურ კლუბთან გააფორმა
  • მან ტრავმა მოიშუშა და საქართველოს ნაკრების შეკრებაზე იმყოფება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ვეტერანი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე ტუნისის მოქმედ ჩემპიონ მონასტირში ჩაირიცხა და მომავალ სეზონს აფრიკაში გაატარებს.

კონტრაქტი ერთ წელზეა გათვლილი და როგორც Afrobasket წერს, არაა გამორიცხული, 36 წლის კალათბურთელმა ხანგრძლივი კარიერა სწორედ ტუნისურ კლუბში დაასრულოს.

საინტერესოა, რომ როდესაც მონასტირმა ქართველი მცველის ტრანსფერის შესახებ ცნობა სოციალურ ქსელში განათავსა, ის სანდრო მამუკელაშვილმა მოიწონა, ტუნისური კლუბის გამოხმაურება კი მართლაც სახალისო იყო: “იმედი გვაქვს, რომ ერთ დღეს შენც ჩვენი ოჯახის წევრი გახდები”.

ცნობისთვის, მონასტირი აფრიკულ კონტინენტზე ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და გასულ სეზონში ადგილობრივი ჩემპიონთა თასის გამარჯვებულიც გახდა. ტუნისურმა კლუბმა ფინალში ანგოლურ პეტრო დე ლუანდას 83:72 სძლია, საუკეთესო კი საქართველოს ნაკრების ყოფილი ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ დიქსონი იყო, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო. გასაკვირი არ ყოფილა, რომ ის ფინალის უძვირფასეს მოთამაშედაც (MVP) აღიარეს. დარჩება თუ არა დიქსონი მომავალ სეზონშიც ტუნისში, ჯერჯერობით, გაურკვეველია.

ნათელია, რომ მონასტირი ერთ-ერთი ლიდერია შიდა ასპარეზზეც და ეროვნული ჩემპიონატი უკვე 7-ჯერ აქვს მოგებული. გუნდმა გასულ სეზონში რეგულარული პირველობა მე-2 ადგილზე დაასრულა, თუმცა, პლეი ოფში შეუჩერებელი იყო და ფინალში ეზაჰრას 3:1 სძლია.

მაიკლ დიქსონმა მონასტირს აფრიკის ჩემპიონთა თასი მოაგებინა

საინტერესოა, რომ ცინცაძეს კარიერის განმავლობაში 25-მდე (!) კლუბში უთამაშია, თუმცა, აფრიკაში ძალებს პირველად მოსინჯავს. აქამდე, ის, ქართულის გარდა, რუსული, ესტონური, უკრაინული, პოლონური, ლიბანური, ჩრდილომაკედონიური, ფრანგული, რუმინული, კატარული და არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბების ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, რომ მძიმე ტრავმის გამო, გიორგის ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა, ამჟამად კი, მწყობრში გახლავთ და საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე იმყოფება. თუკი ილიას ზუროსმა ცინცაძე საბოლოო 12-კაციან შემადგენლობაში შეიყვანა, ის აგვისტოსა და სექტემბერში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებსა და ევრობასკეტი 2022-ზე ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები