Thumbnail
  • ინდიანა პეისერსის ქართველი ცენტრი, შესაძლოა, ლეიკერსში აღმოჩნდეს
  • ოთხ კლუბს შორის სავარაუდო გარიგებაში 10 კალათბურთელი იქნება ჩართული

ამერიკული We Talk Hoops NBA-ში შესაძლო დიდ გაცვლაზე წერს, რომელშიც 4 კლუბის 10 კალათბურთელი იქნება ჩართული, მათ შორის კი, ინდიანა პეისერსის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძეც ფიგურირებს.

აღნიშნული წყაროს ვარაუდით, პეისერსი ლოს ანჯელეს ლეიკერსში გაუშვებს ორივე ცენტრს – მაილს ტერნერსა და გოგა ბითაძეს, სანაცვლოდ კი, რასელ ვესტბრუკი, ტეილენ ჰორტონ-ტაკერი და 2025 წლის დრაფტის პირველ რაუნდში არჩევანი ერგება.

ლებრონ ჯეიმსის გუნდი დამატებით მაიკ კონლისაც მიიღებს, სხვა 2 კლუბის სარგებელი კი ასეთია: იუტა ჯაზს დაემატებიან ჯულიუს რენდლი, დერიკ როუზი და ევან ფურნიე 2024 და 2026 წლების დრაფტის პირველი რაუნდის არჩევნებთან ერთად, ხოლო ნიუ იორკ ნიკსი დონოვან მიტჩელითა და ტი ჯეი მაკკონელით გაძლიერდება. 

გოგა ბითაძე ლეიკერსთან მატჩში

ცხადია, ეს მხოლოდ ვარაუდია და ჯერჯერობით, ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა, თუ ბითაძე ლეიკერსში ისევ მაილს ტერნერთან ერთად აღმოჩნდება, დიდად სარგებლიანი არ უნდა იყოს. ინდიანაში სასტარტო ცენტრად სწორედ ამერიკელი კალათბურთელი თამაშობს და რამდენად გაუძლებს გოგა მასთან და სხვა შესაძლო თანაამპლუელებთან კონკურენციას (ლეიკერსს სახელოვანი წინა ხაზი ჰყავს: ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დევისი, კარმელო ენტონი, დუაიტ ჰოვარდი, დეანდრე ჯორდანი და სხვები), ძნელი სათქმელია.

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძე NBA-ს 2019 წლის დრაფტის მე-18 ნომრად აირჩიეს. 2019 წლის 15 ივლისს მან მრავალწლიანი (ახალბედის) კონტრაქტი გააფორმა კლუბთან. 2020 წლის დეკემბერში ინდიანამ ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა, 2021 წლის ოქტომბერში კი - კიდევ ერთი წლით. გოგას, ხელშეკრულების გათვალისწინებით, ინდიანაში ბოლო სეზონი რჩება, რომლის განმავლობაში კარიერის მანძილზე ყველაზე მაღალ ხელფასს მიიღებს - $4 765 339-ს. 

NBA-ს გასულ (გოგასთვის მე-3) სეზონში ბითაძემ 50 მატჩში (16 სასტარტოში) ითამაშა. ის საშუალოდ 7.0 ქულას, 3.5 მოხსნას, 1.1 პასსა და 0.8 დაფარებას აკეთებდა. ქართველი ცენტრისთვის საუკეთესო სეზონის მეორე ნახევარი იყო - მარტსა და აპრილში მან ზედიზედ 10 მატჩში 10 და მეტი ქულა ჩააგდო. ეს ის პერიოდია, როდესაც ინდიანამ ტრეიდით გაუშვა ლიეტუველი დომანტას საბონისი, ხოლო ხსენებული მაილს ტერნერი ტრავმირებული იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები