Thumbnail

მიზანი სამეულია - გიორგი გახელაძე Red Bull Romaniacs-ის ტოპ 10-ში შევიდა

  • ქართველმა მოტომრბოლელმა ტრავმა მოირჩინა და მსოფლიო პირველობაზე დაბრუნდა
  • გიორგი გახელაძემ Red Bull Romaniacs-ის 500 მონაწილეს შორის მე-9 ადგილი დაიკავა

მსოფლიოს ჩემპიონატის (2022 FIM Hard Enduro World Championship) მორიგ, მეხუთე ეტაპს Red Bull Romaniacs-ს რუმინეთის ქალაქმა სიბიუმ უმასპინძლა. ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულსა და რთულ შეჯიბრზე 50 ქვეყნის ათასამდე რაიდერმა მოიყარა თავი. მათ შორის იყო ქართველი მოტომრბოლელი გიორგი გახელაძე, რომელმაც ავსტრიაში Erzbergrodeo-ზე მიღებული ტრავმა მოირჩინა და იტალიური Abestone-ის გამოტოვების შემდეგ, მსოფლიო პირველობაზე დაბრუნდა.

პროლოგზე გახელაძემ საუკეთესო საკვალიფიკაციო დრო აჩვენა და შეჯიბრის პირველ დღეს სტარტი წინა პოზიციიდან აიღო. ტრეკის თითქმის 80%, რაც დაახლოებით 4-საათიან რბოლას გულისხმობს, პირველ ადგილზე იყო. თუმცა შემდეგ ინციდენტი შეემთხვა, რის შედეგადაც სამედიცინო ჩარევა დასჭირდა, დრო დაკარგა და დღე მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა. 

მეორე საშეჯიბრო დღეს სტარტი გვიან აიღო და მეთორმეტე ადგილს დასჯერდა. ყველაზე წარმატებული მესამე დღე აღმოჩნდა, როდესაც ქართველმა რაიდერმა ასეულობით მონაწილეს შორის მეოთხე შედეგი აჩვენა. ბოლო დღემაც კარგად ჩაიარა და დასკვნით ეტაპზე გადასულ 500 მოტომრბოლელს შორის გახელაძემ საბოლოოდ მე-9 პოზიცია დაიკავა. 

"მთლიანობაში კმაყოფილი არ ვარ, ათეულში შევედი, მაგრამ ეს ჯერ დასაწყისია. მინდა, უფრო მაგრად ვიარო და სამეულს მივუახლოვდე. ახლაც მქონდა შანსი, თუმცა 2 გაუთვალისწინებელი მიზეზი მოხდა, დაგვიანებული სტარტი და გზის არევის გამო დაკარგული 40 წუთი. ახალი მოტოთი პირველი შეჯიბრი გავმართე, ტექნიკური მხარე იდეალური იყო. შევეცდები, მომდევნო ეტაპზე უკეთესი შედეგი ვაჩვენო", - განაცხადა გახელაძემ.

მსოფლიო პირველობის მორიგ ორ შეჯიბრს აშშ და კანადა ამ თვეში მასპინძლობს. ქართველ რაიდერს მათი გამოტოვება ვიზასთან დაკავშირებული სირთულეების გამო მოუწევს. ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი კი ესპანეთში გაიმართება. Hixpania Hard Enduro გახელაძისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შეჯიბრია. შარშან მან ამ ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა.

Redbull Romaniacs 2022 ⚡️🙏🏻

Posted by Giorgi Gakheladze on შაბათი, 30 ივლისი, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები