Thumbnail
  • რატი ანდრონიკაშვილს ახალ სეზონში გაცილებით დიდი როლი ექნება გუნდში
  • ESPN-ის TOP 25-ში სხვა ქართველის გუნდი არ არის

ამერიკის კოლეჯთა საკალათბურთო ლიგის (NCAA) სეზონის წინ ESPN-მა, ტრადიციულად, კლუბთა რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის თავში ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტია, რომელმაც გასულ სეზონში "მარტის სიგიჟის" ფინალი ითამაშა, გუნდმა 4 სტარტერი შეინარჩუნა. ამიტომაც ის კოლეჯთა ლიგის მოგების უმთავრეს კანდიდატად მიიჩნევა. რეიტინგში მეორეა გონზაგა, მესამე - ჰიუსტონი. 

გასულ სეზონში რატი საშუალოდ მხოლოდ 14 წუთს თამაშობდა, ახალ სეზონში მას სათამაშო დრო გაეზრდება

ESPN-ის რეიტინგში მე-7 პოზიციაზეა კრეიტონ ბლუჯეისი, რატი ანდრონიკაშვილის გუნდი, რომელმაც გასულ სეზონში პლეი ოფის მე-2 წრეში კანზასს დიდი ბრძოლა გაუმართა, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი გამთამაშებელი რაიან ნემბჰარდი და ცენტრი რაიან კალკბრენერი არ ჰყავდა. 

"ახლა ორივე გუნდს დაუბრუნდა. ასევე ბევრად გაიზარდა არტურ კალუმა. დავუმატოთ ამას უნივერსალი მცველი ტრეი ალეკსანდერი და სარეზერვო მცველი რატი ანდრონიკაშვილი. ამ ხუთეულოდან 4 შარშან ახალბედა იყო, მათ შორის რატი, ეს კი მაღალი რეიტინგის საფუძველია. გარდა ამისა, გუნდს ორი კარგი შენაძენი ჰყავს", - წერს ESPN კრეიტონის შანსებზე. 

შეგახსენებთ, რომ ბიგ ისთის კონფერენციის კრეიტონმა რატი ანდრონიკაშვილი 2020/21 წლების სეზონის წინ აიყვანა, მაგრამ ქართველმა მცველმა მძიმე ტრავმა მიიღო და მთელი სეზონი გამოტოვა. რატის დებიუტი კოლეჯთა ლიგაში 2021/22 წლების სეზონში შედგა. პირველ სეზონში საშუალოდ 14 წუთს თამაშობდა. 1.8 ქულა და 1.1 პასი საშუალოდ თამაშში. ახალ სეზონში რატის გაცილებით დიდი როლი ელის გუნდში. 

კრეიტონი პირველ საგამოფენო მატჩს 30 ოქტომბერს დრურის წინააღმდეგ შინ ომაჰაში გამართავს. ბიგ ისთის კონფერენციის მატჩები კი 1-ელი დეკემბრიდან დაიწყება, პირველი მეტოქე ტეხასია.  

ESPN-ის TOP 25-ში სხვა არცერთი გუნდია, სადაც ქართველი კალათბურთელი თამაშობს. 25-ე პოზიციაზეა გიორგი ბეჟანიშვილის ყოფილი გუნდი ილინოისი, ხოლო სანდრო მამუკელაშვილის ყოფილი გუნდი სეტონ ჰოლი, ამჯერად, რეიტინგში ვერ მოხვდა. 
 

კომენტარები

ბოლო ამბები