Thumbnail
  • ვალენსიას მცველი სემ ვან როსომი გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხვდა
  • საქართველო ბელგიას 1 სექტემბერს ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში უმასპინძლებს

ბელგიის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც მოახლოებული ევრობასკეტი 2022-ის ჯგუფურ ეტაპზე თბილისში ითამაშებს და საქართველოს ერთ-ერთი მეტოქე იქნება, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა დარიო გერგიამ შეკრებაზე 18 კალათბურთელი გამოიძახა და პირველ შეკრებაზე ფინეთში წაიყვანა, სადაც 5 და 6 აგვისტოს ამხანაგური მატჩებია დაგეგმილი. “ლომები” 10 აგვისტოს გერმანიას უმასპინძლებენ, 12 და 14 აგვისტოს ესტონეთში ითამაშებენ, 17-ში ტესტი საფრანგეთშია დაგეგმილი.

თვალში საცემია, რომ ამჯერად შემადგენლობაში აღარაა ბელგიელთა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კალათბურთელი სემ ვან როსომი. ვალენსიას 36 წლის მცველმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში 2 მატჩი ჩაატარა და ძალიან სოლიდური მონაგარი ჰქონდა: საშუალოდ 17.0 ქულა, 3.5 მოხსნა და 4.0 პასი. შეკრებაზე ასევე არ იმყოფებიან ტომას აკიაზილი (მერკეზეფენდი, თურქეთი) და ენდი ვან ვლიტი (ბნეი ჰერცლია, ისრელი).

სამაგიეროდ, ნაკრებშია 26 წლის ცენტრი ისმაელ ბაკო, რომელიც ესპანური მანრესადად იტალიურ ბოლონიაში გადაბარგდა და სავარაუდოა, რომ მომავალ სეზონში თორნიკე შენგელიას თანაგუნდელი იქნება.

სემ ვან როსომის არყოფნა ბელგიელებისთვის დიდი დანაკლისია

მნიშვნელოვანი კალათბურთელები არიან 29 წლის მცველი რეტინ ობასოჰანი (ვილერბანი, საფრანგეთი) და 35 წლის მძიმე ფორვარდი მაქსიმ დე ზეუვი (ბრინდისი, იტალია). გუნდშია კიდევ ერთი ვეტერანი, 36 წლის ჯონათან ტაბუ, რომელსაც იტალიურ, ესპანურ, გერმანულ და ფრანგულ კლუბებში უთამაშია. ამჟამად კი, ბელგიური ლიმბურგის ღირსებას იცავს.

აღსანიშნავია, რომ ბელგიის ნაკრებს ევრობასკეტამდე მნიშვნელოვანი მატჩები ელის მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვლიფიკაციო ციკლის ეგიდითაც. გერგიას შეგირდები 25 აგვისტოს დიდ ბრიტანეთს უმასპინძლებენ, 28-ში კი საბერძნეთში სტუმრობა ელით. ბელგიელები მუნდიალის შესარჩევ მე-2 ჯგუფურ ეტაპზე 2-2 მოგება-წაგებით გადავიდნენ და ამ დროისთვის, თურქეთთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ.

ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში, საქართველოსა და ბელგიის გარდა, ესპანეთი, თურქეთი, მონტენეგრო და ბულგარეთი ითამაშებენ. კონკრეტულად ქართულ-ბელგიური დაპირისპირება ახლადაშენებულ თბილისი არენაზე, ჯგუფური ეტაპის სასტარტო ტურში, 1 სექტემბერს შედგება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი 1-18 სექტემბერსაა დაგეგმილი და ჯგუფური ეტაპის მატჩებს თბილისის გარდა, მილანი (იტალია), პრაღა (ჩეხეთი) და კიოლნი (გერმანია) მიიღებს, პლეი ოფი კი სრულად ბერლინში (გერმანია) ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები