Thumbnail
  • ვალენსიამ და ნეიმეგენმა იასპერ სილესენის ტრანსფერი შეათანახმეს
  • 33 წლის ნიდერლანდელ გოლკიპერს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება
  • ახლო მომავალში კლუბი ქართველ მეკარეს კონტრაქტს გაუგრძელებს

გიორგი მამარდაშვილს ვალენსიაში მთავარი კონკურენტი ჩამოშორდება. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ იასპერ სილესენი, რომელიც თავის დროზე "ღამურებმა" ბარსელონასგან 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს და პირველ მეკარედ განიხილავდნენ, მშობლიურ ნეიმეგენში დაბრუნდება. 

ესპანური მედიის ინფორმაციით, ვალენსიას და ნიდერლანდურ კლუბს შორის მეკარის ტრანსფერზე ყველაფერი შეთანხმებულია. ეს გარიგება ვალენსიას შესაძლებლობას მისცემს, დაარეისტრიროს სამუ კასტილიეხო და სამუელ ლინო, ხოლო რაც ჩვენთვის ყველაზე საყურადღებოა, დააჩქაროს კონტრაქტის გახანაგრძლივება გიორგი მამარდაშვილთან, რომელმაც მოკლე პერიოდში შეძლო "მესტალიაზე" ნომერ პირველი მეკარის სტატუსი მიეღო. 

ნიდერლანდების ნაკრების მეკარეს ვალენსიაში სკამზე ჯდომა ემუქრებოდა

33 წლის იასპერ სილესენი, რომელსაც ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში 63 მატჩი აქვს ჩატარებული და 2022 წლის მუნდიალზე წასასვლელად სათამაშო პრაქტიკა ძალიან სჭირდება, ნეიმეგენის აღზრდილია და ამ კლუბის ღირსებას კარიერის ადრეულ პერიოდში, 2010-11 წლებში იცავდა. მეკარემ ასევე ითამაშა ამსტერდამის აიაქსში, 2016 წელს კი ბარსელონაში გადაბარგდა. 

სილესენს ვალენსიასთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკნეავშირებდა, თუმცა ჯერ ტრავმების, შემდეგ კი გიორგი მამარდაშვილის საიმედო თამაშისა და ძირითადში ადგილის დაკარგვის გამო, კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგაში მეორე სეზონის დასაწყებად ემზადება

ამრიგად, 2022/23 წლების სეზონში ჯენარო გატუზოს განკარგულებაში გიორგი მამარდაშვილი, ხაუმე დომენეკი და იჯარიდან დაბრუნებული კრისტიან რივერო იქნებიან, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ მთავარი მეკარის სტატუსი 21 წლის ქართველს ექნება. 

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში შარშან ზაფხულში, ჯერ იჯარით გადავიდა, წლის ბოლოს კი ესპანურმა კლუბმა მისი ტრანსფერი დინამო თბილისისგან გამოისყიდა და ფეხბურთელს სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმა. ამჟამინდელი ხელშეკრულებით, გიორგი "მესტალიაზე" 2024 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს, ახალი კონტრაქტით კი, რომელიც გამზადებულია და მხოლოდ ხელმოწერა აკლია, თანამშრომლობა 2027 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდება და მასში მეკარის გამოსასყიდი ფასი 20-იდან 100 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

კომენტარები

ბოლო ამბები