Thumbnail
  • U18 | საქართველო 52:59 (ოტ.) ნიდერლანდები
  • ქართველმა კალათბურთელებმა, შესაძლოა, მეოთხედფინალში ვერ ითამაშონ

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ პლოიეშტიში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე ნიდერლანდებთან ოვერტაიმში წააგო (52:59) და მეოთხედფინალში გასვლისთვის უკვე სხვების შედეგს უნდა დაელოდოს.

აღსანიშნავია, რომ დავით როგავას შეგირდები გამარჯვების შემთხვევაში, B ჯგუფში პირველ ადგილს იკავებდნენ, ახლა კი, ძალიან უნდა გაუმართლოთ, რომ პლეი ოფში აღმოჩნდნენ.

ქართველი კალათბურთელები საფინალო სირენამდე ორიოდ წუთით წინ 9 ქულით ლიდერობდნენ, თუმცა, ქულა ვეღარ აიღეს, თავად კი 3 სამქულიანი მიიღეს და თამაში ოვერტაიმში გადავიდა. იქ პირველი 3 ქულა ქართველებმა ჩააგდეს, რასაც ნიდერლანდებელების 10 უპასუხო ქულა მოჰყვა და გამარჯვება მეტოქეს დარჩა.

საქართველოს ნაკრებში 16 ქულით ყველაზე შედეგიანი გიორგი ოჩხიკიძე იყო, თუმცა, მანვე 11-ვე (!) სამქულიანი ააცილა. როგავას შეგირდებს აქცენტი სწორედ შორეულ ტყორცნებზე ჰქონდათ გაკეთებული და წაგების ძირითადი მიზეზიც ეს გამოდგა. საბოლოო ჯამში, ქართველმა 18-წლამდელებმა 38-დან მხოლოდ 4 სამქულიანი გამოიყენეს.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 5 მატჩში 3 მოგება შერჩა და ვინაიდან, ბოსნია-ჰერცეგოვინის კოსოვოსთან მარცხი წარმოუდგენლად მოსჩანს, დღის დასკვნითი შეხვედრის იმედად რჩებიან. იმისთვის, რომ ქართველი კალათბურთელები მეოთხედფინალში გავიდნენ, ნორვეგიამ ბულგარეთს უნდა მოუგოს.

კომენტარები

ბოლო ამბები