Thumbnail

დინამო ბათუმისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი კარიერას სერბეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბში გააგრძელებს. 20 წლის ფეხბურთელი ბელგრადის ცრვენა ზვეზდას ღირსებას დაიცავს. 

ირაკლიმ, რომელიც ბელგრადში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა, ცრვენა ზვეზდასთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა, მის ღირსებას კი 16-ნომრიანი მაისურით დაიცავს. სერბულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დინამო ბათუმი ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერში 300 ათას ევროს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ცრვენა ზვეზდამ ირაკლი აზაროვის ტრანსფერი ორიგინალურად დააანონსა და ის ბერძნული მითოლოგიის გმირს შეადარა. "ჰერკულესი მოვიდა" დაწერა კლუბმა სოციალურ ქსელში.

ირაკლი აზაროვი დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, დინამო ბათუმის ღირსებას კი 2021 წლიდან იცავდა და შარშან გია გეგუჩაძის გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ბათუმელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირის 21 მატჩში ითამაშა და 4 საგოლე პასით გამორიჩა. 

აზაროვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის ზაფხულიდან იწვევენ. ფეხბურთელს ვილი სანიოლის გუნდში უკვე 8 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც 3 საგოლე პასი მიითვალა. 

ვილი სანიოლი ახალგაზრდა მცველს ნდობას ხშირად უცხადებს

ბელგრადის ცრვენა ზვეზდა სერბეთის მოქმედი ჩემპიონია. გუნდი, რომელსაც სერბეთის ნაკრების, ლაციოსა და ინტერის ყოფილი ნახევარმცველი დეიან სტანკოვიჩი წვრთნის, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოდის, სადაც მეტოქედ ერევნის პიუნიკი ჰყავს. ცრვენა ზვეზდამ სერბეთის 2022/23 წლის ჩემპიონატში ოთხი მატჩი ჩაატარა და ყველა დამაჯერებლად მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები