Thumbnail
  • საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის LIVE-ინტერვიუ
  • 30 წლის კალათბურთელმა სანაკრებო და საკლუბო თემებზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, რომელიც ილიას ზუროსის გუნდთან ერთად სლოვენიაში შეკრებაზე იმყოფება, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ფეისბუქის გვერდზე ჩატარებულ LIVE-ინტერვიუში დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

30 წლის ფორვარდმა, რომელმაც გასული სეზონი ვირტუს ბოლონიაში დაასრულა, სხვადასხვა თემებზე, მათ შორს ნაკრების სამზადისსა და მოახლოებულ ევრობასკეტზე (1-18 სექტემბერი) ისაუბრა, რომლის A ჯგუფის თამაშებს თბილისი უმასპინძლებს. 

...შეკრებაზე: "ვემზადებით როგორც ფიზიკურად, ისე - ტაქტიკურად. სლოვენიაში შეკრებამ საკმაოდ კარგად ჩაიარა. დღეს ბოლო ვარჯიში გვაქვს, შემდეგ კი უნგრეთში გავემგზავრებით. რა თქმა უნდა, სამუშაო ჯერ კიდევ გვაქვს, მაგრამ ჩემი აზრით, პირველი სატესტო მატჩებისთვის საკმაოდ კარგ ფორმაში ვიმყოფებით. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ძლიერი მხარე დაცვა უნდა იყოს და ის, რაც აქ ვისწავლეთ და რაზეც ვიმუშავეთ, უნგრეთთან თამაშში უნდა ვნახოთ".

…მიზანი ევრობასკეტზე: "ყოველთვის არსებობს პროგრამა მინიმუმი და მაქსიმუმი. ჩვენთვის მინიმუმი ჯგუფიდან გასვლაა, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ არასდროს გადაგვილახავს ჯგუფიდან გასვლის შემდეგი ეტაპი, შუალედური პროგრამა ალბათ მომდევნო ეტაპის გადალახვა უნდა იყოს".

…ევრობასკეტის მთავარ ფავორიტზე: "ჩემთვის ჩვენ ვართ!"

საქართველოს ნაკრებმა თბილისში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა

…საშინაო კედლების ფაქტორზე: "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შინ თამაში. მოგეხსენებათ, ძალიან დაგვეხმარა გულშემატკივარი ესპანეთთან მატჩში. რა თქმა უნდა, წნეხის ფაქტორი არის, მაგრამ ცოტაოდენი წნეხი პასუხისმგებლობის გრძნობის გასაღვივებლად ალბათ საჭიროც არის". 

…კაპიტნის როლზე: "ჩემთვის ყველაზე მთავარი კომპონენტი გუნდის ქიმიაა - ურთიერთობები, პატივისცემა და ერთობა. როდესაც ეს ყველაფერი გვაქვს და მოედანზეც აისახება, შეგვიძლია ნებისმიერ გუნდს თანაბრად ვეთამაშოთ. ყოველთვის ვცდილობ, ეს მაღალ დონეზე იყო დალაგებული". 

შენგელია ვირტუსს გაზაფხულზე შეუერთდა და მასთან ერთად ევროთასი მოიგო

…გოგა ბითაძე: "ზუსტად როდის იქნება ნაკრებში, არ ვიცი, მაგრამ გუშინაც ვესაუბრე და მითხრა, რომ ყველაფერს აკეთებს, რათა რაც შეიძლება მალე მოირჩინოს ფეხი და შემოგვიერთდეს. მისგან ძალიან დიდი განწყობა იგრძნობა, ძალიან უნდა, რომ ჩვენთან ერთად იყოს და ჩვენც გვსურს, რომ რაც შეიძლება მალე შემოგვიერთდეს, რადგან გოგა ჩვენთვის ძალიან დიდი ძალა იქნება. გარდა იმისა, რომ მაგარი მოთამაშეა, ჩვენი თამაში "შიგნით" თამაშზეა აწყობილი, დატვირთვა "მაღლებზე" უნდა მოხდეს და ამ მხრივ გოგა იდეალურია, როგორც ინდივიდუალურად, ისე - გუნდურად". 

…მომავალ კლუბზე: "ბოლონიის გარდა, არის ინტერესი სხვა კლუბებისგანაც. ვერ დავასახელებ, თუმცა არის შემოთავაზებები თურქეთიდან და ესპანეთიდან". 

…მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელი დღეს: "კევინ დურანტი. ძალიან ძლიერი უნარები აქვს. თავისი სიმაღლიდან გამომდინარე, შეუძლია არაჩვეულებრივად სროლა. არის ათლეტური. შეუძლია თამაშის კარგად წაკითხვა. დაცვაშიც ნორმალურია. ჩემთვის ის უნივერსალური მოთამაშეა".

საქართველოს ეროვნული გუნდი უნგრეთში 4 აგვისტოს გადაინაცვლებს, სადაც 5 და 6 აგვისტოს ადგილობრივ ნაკრებთან ტესტ-მატჩებს ჩაატარებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები