Thumbnail
  • 📅 5 აგვისტო | ⌚ 20:00 | 🏟 მესი იშტვანი | 🏀 უნგრეთი V საქართველო
  • ილიას ზუროსის ნაკრები სლოვენიიდან კეჩკემეტში ხვალ გაემგზავრება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს სლოვენიური შეკრების ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს, ხვალ კი, გეზს უნგრეთისკენ აიღებს, სადაც მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისა და ევრობასკეტი 2022-ისთვის მზადების ციკლში პირველ საკონტროლო მატჩებს ჩაატარებს.

ილიას ზუროსის გუნდს გამოძახებულ კალათბურთელთაგან კვლავაც აკლია პეისერსის ცენტრი გოგა ბითაძე, რომელიც ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას ინდიანაში გადის და ჯერაც უცნობია კონკრეტული თარიღი როდის შეუერთდება ეროვნულ გუნდს.

სამაგიეროდ, უკვე ნაკრებთან ერთადაა მილუოკი ბაქსის ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც NBA-ს რეგულაციებიდან გამომდინარე, ძირითადად, ინდივიდუალური მზადებით შემოიფარგლებოდა, 4 აგვისტოდან კი, უკვე სრულფასოვან ვარჯიშებში ჩაებმება.

ქართველი კალათბურთელები ასევე ევრობასკეტის მონაწილე უნგრეთს 5 და 6 აგვისტოს, კეჩკემეტში, 2-ჯერ გაეჯიბრებიან. პირველი შეხვედრა სახელოვანი უნგრელი ძალოსნის მესი იშტვანის სახელობის დარბაზში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას M4 Sport გეგმავს. 6-ში გუნდები 18:00 საათიდან ითამაშებენ. საინტერესოა, რომ თამაშებზე დასასწრები ბილეთი 1000 ფორინტი (2.5 ევრო) ღირს, სტუდენტები და პენსიონერები კი დარბაზში შესვლას 500 ფორინტად (1.15 ევრო) შეძლებენ.

სტოიან ივკოვიჩის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი რეალის კალათბურთელი ადამ ჰანგაა (8)

უნგრეთის ნაკრები მომავალი მატჩებისთვის 1 აგვისტოდან ემზადება და შეკრებაზე იმყოფება გუნდის მთავარი ვარსკვლავი, რეალის მსუბუქი ფორვარდი ადამ ჰანგაც. სამაგიეროდ, ნაკრებში მხოლოდ მომავალ კვირას ელიან და შესაბამისად, საქართველოსთან ვერ ითამაშებს ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ ჰოპკინსი. ეს უკანასკნელი 29 წლის გახლავთ, მძიმე ფორვარდია და იტალიური რეჯიო ემილიას ღირსებას იცავს.

“ჰოპკინსის არყოფნით წინა ხაზში პრობლემა გაგვიჩნდა და მის აღმოსაფხვრელად კემალ კარაჰოჯიჩს ვუხმეთ. საქართველოსთან მატჩებში სწორედ ის დაგვეხმარება. მეტოქე ძლიერია და აგრესიულად თამაშობს. ფიზიკურად ყოველთვის კარგად არიან ხოლმე მომზადებულნი. ბოლოს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ესპანეთს მოუგეს და ამით, ყველაფერი ნათქვამია”, - განაცხადა უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტოიან ივკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ უნგრული ვოიაჟის შემდეგ, საქართველოს ნაკრები თბილისში დაბრუნდება და 8-15 აგვისტოს მე-2 შეკრება ექნება, რომლის დროსაც ისრაელის ნაკრებთან 2 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. თამაშები 12 და 13 აგვისტოსაა დაგეგმილი. 17-19 აგვისტოს ქართველ კალათბურთელებს ათენში “აკროპოლისის თასი” ელით, სადაც მეტოქეებად მასპინძელი საბერძნეთი, თურქეთი და პოლონეთი ეყოლებათ.

20-23 აგვისტოს ილიას ზუროსი თბილისში კიდევ ერთხელ შეიკრიბება, შემდეგ კი, უკვე მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებია: 24 აგვისტოს, შინ, ნიდერლანდებთან და 27-ში, სტუმრად, იტალიასთან. 28-31 აგვისტოს თბილისში დასკვნითი შეკრება იგეგმება, რასაც ევრობასკეტი 2022 მოჰყვება.

ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში, საქართველო, ბელგია, ესპანეთი, თურქეთი, მონტენეგრო და ბულგარეთი ითამაშებენ, პლეი ოფში კი, ჯგუფის 4 საუკეთესო ნაკრები გავა. შეგახსენებთ, რომ მოახლებული ევროპირველობა 1-18 სექტემბერსაა დაგეგმილი და ჯგუფური ეტაპის მატჩებს თბილისის გარდა, მილანი (იტალია), პრაღა (ჩეხეთი) და კიოლნი (გერმანია) უმასპინძლებენ, პლეი ოფი კი სრულად ბერლინში (გერმანია) ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები